
დენის სისტემურ გათიშვებზე დასკვნის მომზადებას უახლოეს მომავალში მოვრჩებით - დავით ნარმანია
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ელექტროენერგიის სისტემურ გათიშვებზე კომისია უახლოეს მომავალში დაასრულებს დასკვნის მომზადებას. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს BMG-ს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"სისტემურ გათიშვებთან დაკავშირებით, როგორც იცით, მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო მოკვლევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა ობიექტები, ამოვიღეთ სადისპეჩერო ჩანაწერები, სხვადასხვა დოკუმენტაციები, კორესპონდენციები, აქედან გამომდინარე, ახლა უკვე ამ ყველაფრის დეტალური ანალიზი მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში მოვრჩებით დასკვნის მომზადებას და დასკვნა განხილული იქნება კომისიის საჯარო სხდომაზე, შესაბამისად, თქვენთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ჩვენი დასკვნა გახდება ცნობილი", - ამბობს დავით ნარმანია, რომელიც ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მან ენერგეტიკოსის დღეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია.
"პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკური განვითარება ენერგეტიკის განვითარებასთან. რამდენადაც ყოველწლიურად გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ამდენად იზრდება ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სექტორმა ადეკვატურად უპასუხოს შესაბამის გამოწვევებს.
ძალიან ბევრი კვალიფიციური ადამიანი მუშაობს ენერგეტიკის სექტორში, ისინი დღე და ღამე მუშაობენ იმისათვის, რომ გენერაციის ობიექტებმა გამოიმუშაონ შესაბამისი ენერგია, მოხდეს ამ ენერგიის უსაფრთხო და ხარისხიანი მიწოდება. დღეს დაჯილდოვდნენ კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ ენერგეტიკის სექტორში, მუშაობენ დაუღალავად იმისათვის, რომ ენერგეტიკა ვითარდებოდეს და სექტორი იყოს მოწოდების სიმაღლეზე", - ამბობს დავით ნარმანია.
2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო. 24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
BM.GE
წყარო: bm.ge