
დღეიდან EU იაფფასიან გზავნილებზე €3-იან გადასახადს აწესებს - დარტყმა Shein-ისთვის, Temu-სა და AliExpress-ისთვის
1 ივლისიდან ევროკავშირში ჩინეთიდან შესულ მცირე ღირებულების მქონე იმ გზავნილებზე, რომლებიც მანამდე ბლოკში საბაჟო გადასახადის გარეშე შედიოდა, 3-ევროიანი გადასახადი დაწესდა - მათი განცხადებით, ამით პირველი ნაბიჯი გადაიდგა იმ არაკონკურენტულ გარემოსთან საბრძოლველად, რომელსაც Shein-ის, Temu-სა და AliExpress-ის მსგავსი ონლაინ პლატფორმები ქმნიან.
ეს ნაბიჯი მორიგი დარტყმაა იმ პლატფორმებისთვის, რომლებიც ულტრა-დაბალი ფასების დასაწესებლად საბაჟო შეღავათებით სარგებლობდნენ, რამაც მათი სწრაფი ზრდა და ადგილობრივი მწარმოებლებისა და პოლიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია.
ახალი გადასახადი, რომელიც ძალაში ოთხშაბათიდან შედის, გზავნილში შემავალი თითოეული საბაჟო კლასიფიკაციისთვის დაწესდება. შესაბამისად, ამანათი, რომელიც შეიცავს სამი განსხვავებული ტიპის ნივთს, ჯამში 9 ევროთი დაიბეგრება, ხოლო ამანათი რამდენიმე კაბით ან სათამაშოთი - 3 ევროთი.
მცირე ღირებულების იმპორტზე საბაჟო შეღავათები ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა, ხოლო ამ დრომდე მოქმედი 150-ევროიანი ზღვარი 2008 წელს შემოიღეს. თუმცა, ამ შეღავათით ევროკავშირში შემოსული ამანათების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და, 2022 წელს დაფიქსირებული 1.4 მილიარდიდან, 2025 წელს 5.8 მილიარდს მიაღწია.
"სხვაგვარ სავაჭრო რეალობაში ამ შეღავათს აზრი ჰქონდა, მაგრამ ის სამყარო აღარ არსებობს. ის თავდაყირა დააყენა ელექტრონულმა კომერციამ, განსაკუთრებით ჩინეთიდან. ეს შეღავათი ინდუსტრიული მასშტაბით ბოროტად გამოიყენებოდა, რათა შექმნილიყო არაკონკურენტული უპირატესობა ევროკავშირის ბიზნესის ხარჯზე", - განაცხადა ინტერვიუში ევროპარლამენტარმა დირკ გოტინკმა, რომელიც ევროპარლამენტში საბაჟო რეფორმის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
Shein ამ ცვლილებებისთვის წინასწარ ემზადებოდა პოლონეთში, კერძოდ ვროცლავში, სასაწყობო ფართების გაფართოებით და ევროკავშირში პროდუქციის უფრო დიდი პარტიებით გაგზავნით.