
დღეს ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე აღარ ვსაუბრობთ, რომ არ შევაფერხოთ მიმდინარე გეგმები - ზვიად ჩხარტიშვილი
ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში განსახორციელებელი სამუშაოებია - APM TERMINALS-ი ფოთის პორტში ახალ საპორტო ამწეს ამატებს, თუმცა როგორც „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი "საქმის კურსთან" ამბობს, მთავარი კი, ფოთის პორტის გაფართოების პროექტია.
კითხვაზე: რა ეტაპზეა ამ საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პროცესი წინ არ წასულა და ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციებისას მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე ფოკუსირება რჩება.
„ვდისტანცირდით, აღარ ვსაუბრობთ უშუალოდ ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე, რომ არ შევაფერხოთ ჩვენ მიმდინარე გეგმები“, - ამბობს ჩხარტიშვილი, თუმცა მიუთითებს, რომ რამდენიმე წელია გაზრდილი ტვირთნაკადის წარმატებული მართვა ხდება, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად ოპერაციების გაუმჯობესების და პროცედურების გაუმჯობესების ხარჯზე იყოს მიზნები მიღწეული.
ჩხარტიშვილი განმარტავს, რო მიმდინარე კომუნიკაციისას იმ სუსტი წერტილების გამოსწორება ხდება, რაც მოკლე ვადაში არსებული ტვირთნაკადის ეფექტიანი მართვისთვის არის საჭირო.
„მივიღეთ დაპირება, რომ სახელმწიფო პროცედურებს (ეს იქნება საზღვრის კვეთის პროცედურები, საბაჟო პროცედურები) გააუმჯობესებს. ჩვენ ჩვენი მხრიდან ავიღეთ ვალდებულება და დავსახეთ გეგმები, რომ აუცილებლად გავუმკლავდებით მოზღვავებულ ტვირთნაკადს. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია. ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხს. შიგადაშიგ გვაქვს ხოლმე ამ საკითხთან შეხება, მაგრამ როგორც ასეთი, ჩაღრმავებით ჩვენ არ დავბრუნებივართ ამ საკითხს“ - ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ახალი პორტატული ამწის დამატებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გამტარუნარიანობა 650 000 TEU-მდე გაიზრდება. ამასთან, ბოლო 1.5 წლის განმავლობაში, გაზრდილი ტვირთბრუნვის საპასუხოდ, APM-მა ფოთის პორტის და შესაბამისად, „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა 100 000 TEU-თი გაზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge