
დღეს მიკროსაფინანსების ბაზარი იმაზე მყარი, სტაბილური და ჯანსაღია, ვიდრე ოდესმე ყოფილა - "ბერმელი"
დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი იმაზე მყარი, სტაბილური და ჯანსაღია, ვიდრე ოდესმე ყოფილა - ამის შესახებ BMG-სთან მიკროსაფინანსო „ბერმელის" დირექტორის მოადგილე ინგა გორგაძე საუბრობს.
მისი თქმით, ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშის მიკრობანკად ტრანსფორმაციამ საფინანსო სექტორში თავისუფალი ადგილი გააჩინა, რაც დარჩენილმა მისოებმა ეფექტიანად აითვისეს.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე 28 ლიცენზირებული ორგანიზაცია ოპერირებს და წელს ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოქმედება შეწყდა. თუმცა, მისოების შემცირება არ ნიშნავს ამ სექტორის შემცირებას ან შეკუმშვას. პირიქით, დღეს ბაზარზე უფრო ძლიერები რჩებიან და უფრო მეტი შესაძლებლობებითაც არიან წარმოდგენილები. ოფიციალური მონაცემებით, მისოების მთლიანი აქტივები 2,58 მილიარდ ლარს აჭარბებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მსხვილი მოთამაშეების მიკრობანკებად ტრანსფორმაციის შემდეგ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფრო მეტი ბაზარი დარჩათ ასათვისებელი და უფრო მეტი შესაძლებლობები გაეხსნათ ამ ბაზარზე“ - აცხადებს ინგა გორგაძე BMG-სთან.
მისივე თქმით, ზრდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტიმულად ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასახელდა, რომლის მიხედვითაც, ერთ ჯგუფზე გასაცემი მიკროდაკრედიტების ლიმიტი 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზარდა. ამ ცვლილებამ ორგანიზაციებს საშუალება მისცა, კიდევ უფრო მეტად დაეჭირათ მხარი ბიზნესისთვის, კერძოდ კი მიკრობიზნესის სექტორისთვის.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სექტორში სესხების დაახლოებით 80%-ს კვლავ სალომბარდე პროდუქტები შეადგენს, ბოლო პერიოდში მკვეთრად იზრდება მოთხოვნა მიკროდაკრედიტებისა და აგრობიზნესის მიმართულებით.
„ჩვენს პორტფელშიც საპატიო ადგილი უკავია სალომბარდე სესხებს, თუმცა 2024 წლიდან განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ბიზნესის განვითარებისა და დაკრედიტების კუთხით. ჩვენ ასევე ვემსახურებით იურიდიულ პირებსაც, უმეტესად პარალელური სესხების სახით, როდესაც საბანკო დაფინანსება მათთვის საკმარისი არ არის," - აცხადებს ინგა გორგაძე.
გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ საფინანსო სექტორში რესურსების გაძვირების ფონზე, "ბერმელი" საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებას ახერხებს.
"მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საფინანსო სექტორში ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაძვირდა და ბანკებმაც კი წამოწიეს საპროცენტო განაკვეთები, ჩვენ ვინარჩუნებთ არსებულ პროცენტს. „ბერმელი" მთლიანად ადგილობრივი კაპიტალით მუშაობს, ანუ ჩვენ მთლიანად საკუთარი რესურსებით ვმუშაობთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესები, რაც ბოლო დროს საფინანსო სექტორში და ფინანსურ ბაზარზე მიმდინარეობს კაპიტალის გაძვირების ეტაპი, ჩვენზე ნაკლებად აისახება“ - ამბობს ინგა გორგაძე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო სექტორს წმინდა მოგება 66.5%-ით გაეზარდა. მისოებმა 117.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, მაშინ როცა 2025 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 70.5 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტორის მთლიანი აქტივები 2.579 მლრდ ლარს შეადგენს. ვალდებულებები კი, 1.7 მლრდ ლარია.
BM.GE
წყარო: bm.ge