
„დღეს თამამად ვეუბნებით პაციენტს, რომ მორჩება“ - ივანე ნემსაძე ონკოლოგიური მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებზე
ქართული მედიცინისა და ონკოლოგიური მკურნალობის დონის ამაღლებამ, პაციენტების ცნობიერების ზრდასთან ერთად, დაავადების მართვისა და მკურნალობის შედეგები თვისობრივად შეცვალა. ამის შესახებ „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ მმართველმა პარტნიორმა, ივანე ნემსაძემ BMGtv-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ წლების წინ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტისთვის გამოჯანმრთელების დაბეჯითებით თქმა ექიმებს უჭირდათ, თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას იძლევა.
„თუ 20 წლის წინ პაციენტი შემეკითხებოდა: „იცი, ექიმო, მე მოვრჩები?“, ამას დაბეჯითებით ვერ ვეუბნებოდი. დღეს კი, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ამას თამამად ვეუბნებით“, - აღნიშნა ივანე ნემსაძემ.
მისივე შეფასებით, ბოლო წლებში სამედიცინო სფეროში დამკვიდრდა ტერმინი „დაავადების მართვა“, სადაც ქირურგიული ჩარევა სიმსივნის მკურნალობის საერთო პროცესის მხოლოდ 5%-მდე ნაწილს იკავებს.
ივანე ნემსაძის განმარტებით, „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ დაფუძნებიდან დღემდე მზარდი დაწესებულებაა, რომელიც მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრად ყალიბდება. ამ ზრდის უკან, მისი თქმით, დამფუძნებლის, გია ნემსაძის ნება და პაციენტზე მორგებული სერვისების განვითარების სტრატეგია დგას.
„ჩვენი მიზანი და დევიზი ყოველთვის იყო: პაციენტისთვის გაჩნდა მოთხოვნა, გავაჩინეთ მიწოდება. ინფრასტრუქტურულად გაფართოება დაგვჭირდა, რადგან ეს ზრუნვის გაუმჯობესებას ნიშნავს. ჩვენი მიზანი იყო ცენტრალიზებული, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება ქართველი პაციენტისთვის, განსაკუთრებით ონკოლოგიის მიმართულებით“, - განაცხადა კლინიკის მმართველმა პარტნიორმა.
სამი წლის წინ „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ რეგიონში პირველი ონკოლოგიური პროფილის დაწესებულება გახდა, რომელმაც ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ნემსაძის თქმით, ეს აკრედიტაცია არის გზამკვლევი იმ სტანდარტებისა, რომელთა მიხედვითაც თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება უნდა ფუნქციონირებდეს.
კლინიკაში უფროსი თაობის გამოცდილება ახალგაზრდა სპეციალისტებისა და პროფესიონალი მენეჯერების მიერ დანერგილ გლობალურ მმართველით სტანდარტებს ერწყმის, რაც, ნემსაძის შეფასებით, როგორც ბიზნესის, ისე მედიცინის თვალსაზრისით აუცილებელ ნიშას ავსებს.
„ბიზნესის კვირეულში“ საუბრისას ივანე ნემსაძე შეეხო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების (DRG) სისტემასაც, რომელიც საქართველოში მოქმედებს.
„საქართველოში არსებობს DRG პროგრამა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მკურნალობის ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს უფინანსებს. სამწუხაროდ, ქვეყანას ჯერ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ობიექტური მიზეზების გამო ყველაფერი სრულად, 100%-ით დაფინანსდეს, თუმცა ტენდენცია სწორია. DRG-ის პრინციპებს აბსოლუტურად მივესალმებით. ამ სისტემას მუდმივი განვითარება სჭირდება“, - აღნიშნა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge