
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით შექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.
2022 წლიდან გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში.
დიპლომატიის აკადემიის შექმნა „ქართული ოცნების“ ინიციატივაა. „ოცნება“ აკადემიის შექმნის მიზეზად იმას ასახელებს, რომ „არსებული კერძო და უმაღლესი სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის სათანადო ცოდნისა და უნარების განვითარებას ამ მიმართულებით“.
დიპლომატიის აკადემია დაექვემდებარება საგარეო საქმეთა სამინისტროს და 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
BM.GE
წყარო: bm.ge