
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა - ამის შესახებ ცნობილი სტუდენტების Facebook გვერდიდან ხდება.
"შეგროვდა 1 000 000 ლარი!
ერთი მილიონი! თანხა, რომელიც შეუძლებლად ჟღერს. თანხა, რომელიც ქართველმა ხალხმა სიყვარულით, ერთობით და სოლიდარობით შეაგროვა.
ეს მილიონი ლარი ნიშნავს: სასუნთქ აპარატებს, ადაპტირებულ საწოლებს და ეტლებს, მედიკამენტებს, აუცილებელ ოპერაციებს და მასაჟებს და ყველაზე მთავარს - შანსს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებმა ყოველდღიური ბრძოლა გააგრძელონ.
ეს მილიონი - ხალხის გამარჯვებაა", - წერს "დაიცავი ილიაუნი".
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის სტუდენტებმა "1 ლარის მარათონი" 20 მაისს დაიწყეს.
თავდაპირველი სამიზნე თანხა - 100 000 ლარი - 39 საათში შეგროვდა და, მას შემდეგ იზრდება.
მარათონს ბიზნესებიც შეუერთდნენ.
"მაშინ როდესაც, სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მათთვის აუცილებელი მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე, მოქალაქეების ჩართულობა გადამწყვეტია. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით შევძლებთ საჭირო ფინანსების შეგროვებას და ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებას!
გთხოვთ, ჩაერთოთ ერთი ლარის კამპანიაში, რადგან თითოეული თქვენგანის ჩართულობა არის გადამწყვეტი. ერთი ლარის კამპანია გულისხმობს, რომ ყოველმა მსურველმა სიმბოლურად მხოლოდ 1 ლარი ჩარიცხოს", - ვკითხულობთ "დაიცავი ილიაუნის" ვებგვერდზე.
მარათონის პარალელურად შეიქმნა პეტიცია "მიეცით წამალი ბავშვებს", რომლის ხელმომწერებიც ადასტურებენ, რომ თანახმა არიან, გადასახადებიდან ბიუჯეტში მობილიზებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელ მედიკამენტებში დაიხარჯოს.