
დონალდ ტრამპი ჟურნალისტ ქალზე სექსუალურ ძალადობაში უზენაესმაც გაამტყუნა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სააპელაციო საჩივარი განხილვაში არ მიიღო და უცვლელად დატოვა ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელმაც ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის ცილისწამებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებულს მოსარჩელესთვის $5 მილიონის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა.
რაც შეეხება წარდგენილ სააპელაციო საჩივარს, დონალდ ტრამპი კეროლის ბრალდებებს არადამაჯერებლად მიიჩნევდა. იგი განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებდა პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც უფლება მისცა ტრამპთან კავშირში მყოფ სხვა ქალებსაც, გამოსულიყვნენ და მოეთხროთ ბიზნესმენის მხრიდან მათი შევიწროების ფაქტები. პრეზიდენტის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ფაქტმა იქონია გავლენა ნაფიც მსაჯულებზე და არ მისცა მათ საშუალება, ობიექტურად შეეფასებინათ ვითარება.
თავის მხრივ, უზენაესის მიერ ვერდიქტის გამოტანამდე მოსარჩელე ჯინ კეროლი სასამართლოს საქმის განხილვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა. მწერლის განმარტებით, ტრამპს არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რითაც თავის დანაშაულს გააბათილებდა. როგორც ჩანს, უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ მწერლის შეხედულება გაიზიარა.
ცნობისთვის, საქმე, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი ჟურნალისტ ქალზე სექსუალურ შევიწროებაში იქნა გამტყუნებული, ეხება 1996 წელს მომხდარ ინციდენტს, როცა ჯერ კიდევ ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი შენობის გასახდელ სივრცეში კეროლი სექსუალურად შეავიწროვა. თავად ჟურნალისტმა ამის შესახებ საჯაროდ პირველად 2019 წელს განაცხადა, როცა პირველი ვადით არჩეულ პრეზიდენტს მანჰეტენის სასამართლოში უჩივლა. საქმის განხილვა 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დღეს დასრულდა.
BM.GE
წყარო: bm.ge