
ძლევამოსილების 250 წელი – დიდება ამერიკას!
პლანეტის ერთადერთი ზესახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები, დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1776 წელს, ცამეტმა კოლონიამ საფუძველი ჩაუყარა თამამ პოლიტიკურ ექსპერიმენტს, რომელიც დღეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს სახით გვევლინება. ეს ისტორიული თარიღი საუკეთესო მომენტია იმის გასააზრებლად, თუ როგორ იქცა ამერიკა პლანეტის ლიდერად, როგორ მართავს ის მსოფლიოს და რა უნარჩუნებს მას ამ უპირატესობას.
აშშ-ის ტრანსფორმაცია გლობალურ ლიდერად მიზანმიმართული და სტრატეგიული განვითარების შედეგია. მე-19 საუკუნის ინდუსტრიულმა რევოლუციამ ქვეყანას საოცარი ეკონომიკური საფუძველი შეუქმნა, ხოლო მე-20 საუკუნის ორ მსოფლიო ომში გადამწყვეტმა სამხედრო-სამრეწველო ჩართულობამ აშშ-ის როლი გლობალურ არენაზე უალტერნატივოდ აქცია. საბოლოოდ, ცივი ომის ტრიუმფალურმა დასრულებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ ქვეყანა ერთპიროვნულ ზესახელმწიფოდ ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე სიამაყით ინარჩუნებს ამ სტატუსს.
ამ 250 წელიწადში ამერიკამ უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის, მდიდარი ბუნებრივი რესურსების, ინტელექტუალური კაპიტალისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დახმარებით ისეთი სინთეზის შექმნა შეძლო, რომელსაც რთულია ნაკლი მოვუძებნოთ.
დღეს ამერიკა პირველია თითქმის ყველა საკვანძო სფეროში, რაც უწყვეტ პროგრესს განსაზღვრავს. ის უცვლელი ლიდერია ეკონომიკის მოცულობით, სამხედრო ბიუჯეტის სიდიდითა და სამეცნიერო პოტენციალით. მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის: NVIDIA, Microsoft, Apple, Google, Amazon, Meta და ხელოვნური ინტელექტის პიონერები სწორედ ამერიკული ინოვაციური ეკოსისტემის და სილიკონის ველის პირმშოები არიან.
ამასთანავე, ამერიკა პირველია რბილი ძალის გავლენითაც: კინოინდუსტრია, მუსიკა, წამყვანი უნივერსიტეტები და ცხოვრების სტილი მთელ მსოფლიოში კვლავ ნიუ-იორკისა და ჰოლივუდის მიერ განისაზღვრება.
გლობალურ ეკონომიკაზე ამერიკული გავლენა ორ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება: დოლარს და უოლ-სტრიტს. დოლარი ათწლეულებია ინარჩუნებს მსოფლიოს უმთავრესი სარეზერვო ვალუტის სტატუსს, რომლითაც საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსური ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი ხორციელდება. გარდა ამისა, ვაშინგტონი გადამწყვეტ როლს ასრულებს ისეთ გლობალურ ინსტიტუტებში, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, რითაც ის პირდაპირ აყალიბებს გლობალურ ფინანსურ დღის წესრიგს.
ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, მაინც უოლ-სტრიტია – ადგილი, სადაც ერთდროულად არის წარმოდგენილი პლანეტის ორი უმსხვილესი საფონდო ბირჟა: NYSE და Nasdaq. ეს ბირჟები ერთობლივად თითქმის 100 ტრილიონ დოლარს აკონტროლებენ, რომელთან კონკურენციის გაწევა არათუ რომელიმე სხვა სახელმწიფოს, არამედ მთელ პლანეტას ერთადაც არ შეუძლია.
აი, სწორედ აქედან გამომდინარეობს ინვესტორთა უპირობო ნდობაც. მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ფონდები, მილიარდერები და ორგანიზაციები ყველაზე მეტად სწორედ ამერიკულ ბაზარს ენდობიან. ეს ნდობა ეფუძნება ფუნდამენტურ გარანტიებს, კერძოდ: კანონის უზენაესობას, ინსტიტუციურ სიმტკიცესა და საკუთრების უფლების უმკაცრეს დაცვას. გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისების დროსაც კი, გლობალური ინვესტორები თავს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებსა და ამერიკულ აქტივებს აფარებენ, რადგან ამერიკა მათ უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის უმაღლეს სტანდარტებს სთავაზობს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ერთადერთი აქტივი, რომლის რეალური რისკი ნულია და მას მთელი გლობალური ფინანსური სისტემა ეყრდნობა, სახაზინო ობლიგაციაა, რადგან ამ ქვეყნად ჭეშმარიტად გარანტირებული მხოლოდ ამერიკის მიერ ვალდებულებების შესრულებაა.
ამერიკა ლიდერობის შენარჩუნებას მუდმივი თვითგანახლებისა და მსოფლიოდან უნიჭიერესი ადამიანების მოზიდვის უნარით ახერხებს. სილიკონის ველიდან დაწყებული, წამყვანი უნივერსიტეტებით თუ თანამედროვე კოსმოსური პროგრამებით დამთავრებული, ქვეყანა ყოველთვის ტექნოლოგიური პროგრესის ავანგარდშია. ამერიკული სისტემა მაქსიმალურად ხელს უწყობს რისკის გაწევას, მეწარმეობას, ინვესტირებასა და ინოვაციებს, რაც ქვეყანას ყოველთვის ინოვაციის ფრონტის წინა ხაზზე ამყოფებს.
ყველა ამ მიღწევის მიღმა კი დგას მისი მთავარი, ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც 250 წლის წინ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაიწერა, კერძოდ: პიროვნული თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლება.
მთელი ამ კომპლექსური სისტემის უსაფრთხოების გარანტია კი ამერიკის სამხედრო არსენალი, ბირთვული შეიარაღება და უბადლო არმიაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უყოყმანოდ დაიცავს ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ყველამ კარგად იცის, რომ ამერიკის წინააღმდეგ წასვლა – გარდაუვალი სიკვდილია.
მეოთხედი ათასწლეულის მიჯნაზე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება თავისუფლების, კეთილდღეობისა და პროგრესის ნათელ შუქურად, რომელიც ისევ დაუღალავად განაგრძობს მთელი მსოფლიოსათვის უკეთესი მომავლის შენებას... მრავალჟამიერ და დიდება ამერიკას!
მოცემული სტატია Op-Ed-ია და წარმოადგენს ავტორის დამოუკიდებელ მოსაზრებას.
BM.GE
წყარო: bm.ge