
EBRD-მა კავკასიის რეგიონულ დირექტორად ტომას კაირისი დანიშნა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ტომას კაირისი კავკასიის რეგიონულ დირექტორად დანიშნა. ამ პოზიციას ის 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაიკავებს. კაირისი, რომელიც თბილისში იქნება ბაზირებული, კავკასიის რეგიონში ბანკის ოპერაციებზე იქნება პასუხისმგებელი.
ბანკის ოფიციალური განცხადების თანახმად, ეროვნებით ლიეტუველი ტომას კაირისი EBRD-ს 2006 წელს კერძო სექტორიდან შეუერთდა და ლონდონში მთავარი იურიდიული მრჩევლის ოფისში მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა. 2011-2015 წლებში ის სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც თურქეთში ბანკის პირველი იურიდიული წარმომადგენლობა დააფუძნა და რეგიონში დიდი გამოცდილება დააგროვა.
2022 წლიდან კაირისი ბალტიისპირეთის ქვეყნებში EBRD-ის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, როგორც რეგიონული დირექტორი და ვილნიუსის ოფისის ხელმძღვანელი, და რეგიონში ბანკის განვითარებად როლს ზედამხედველობდა.
"მისი ხელმძღვანელობით ბალტიისპირეთის ქვეყნებში ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში რეკორდული ინვესტიციები დაფიქსირდა, რაც ძირითადად ინოვაციური კერძო სექტორის ტრანზაქციებით იყო განპირობებული. ამ პერიოდში ბანკმა 1.9 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა, დაეხმარა რეგიონს გაზრდილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობის დაძლევაში და, ამავდროულად, ადგილობრივი გუნდიც გააძლიერა.
ბ-ნ კაირისს ახალ პოზიციაზე მოაქვს ტრანზაქციებისა და პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილების ძლიერი კომბინაცია, ბანკის პროდუქტების ღრმა ცოდნა და სხვადასხვა ბაზრებსა თუ კულტურულ კონტექსტში ლიდერობის დადასტურებული უნარი", - ნათქვამია EBRD-ის განცხადებაში.
ტომას კაირისი ალკის დრაკინოსს შეცვლის, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში EBRD-ის ოპერაციებს 2023 წლის სექტემბრიდან უძღვება.
BM.GE
წყარო: bm.ge