
ECB-მ Mediobanca-სა და Monte dei Paschi-ს შერწყმის გეგმა დაამტკიცა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა Mediobanca-სა და Banca Monte dei Paschi di Siena-ს შერწყმის გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა. როგორც ირკვევა, სიენაში ბაზირებულმა ბანკმა მარეგულირებლისგან Mediobanca-ს შეერთებასა და დირექტორთა საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნაზე ოფიციალური ნებართვა მიიღო.
საყურადღებოა, რომ ეს გადაწყვეტილება ორ საფინანსო ინსტიტუტს შორის გაერთიანების პროცესში უმნიშვნელოვანესი მარეგულირებელი ეტაპის დასრულებას ნიშნავს. დაგეგმილი კონსოლიდაციის ფარგლებში მილანური საინვესტიციო ბანკი სიენაში დაფუძნებულ მშობელ სტრუქტურას შეუერთდება.
რაც შეეხება აქციონერთა სტრუქტურას, დაგეგმილი შერწყმა ახალი საბანკო ჯგუფის მფლობელთა წილებს არსებითად შეცვლის. გარიგების დასრულების შემდეგ უმსხვილესი აქციონერი დელ ვეკიოს ოჯახის ჰოლდინგი Delfin-ი გახდება და კაპიტალის დაახლოებით 16%-ს დაისაკუთრებს. მეორე ადგილს რომაელი სამშენებლო მეწარმის, ფრანჩესკო გაეტანო კალტაჯირონეს ჯგუფი დაახლოებით 9%-იანი წილით დაიკავებს. იტალიის ფინანსთა სამინისტროს წილი კი 4.5%-მდე შემცირდება.
ერთობლივად ეს სამი გავლენიანი აქციონერი ახალი საბანკო ჯგუფის 28%-ზე მეტს გააკონტროლებს. მმართველობითი ცვლილებების ფარგლებში ECB-მ დირექტორთა საბჭოს ახალ წევრებად ჯანლუკა ბრანკადორო და ალესანდრო კალტაჯირონე დაამტკიცა.
ორი საფინანსო ინსტიტუტის ინტეგრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მენეჯმენტი ფინანსური სარგებლის ასახვას უკვე 2026 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში პროგნოზირებს. გაერთიანება Intesa Sanpaolo-სა და UniCredit-ის შემდეგ სიდიდით მესამე იტალიური საბანკო ჯგუფი გახდება.
შეგახსენებთ, რომ Monte dei Paschi-მ გასულ შემოდგომაზე Mediobanca-ს 86.3%-იანი წილი დაახლოებით €14 მილიარდის ($15.5 მლრდ) ღირებულების სატენდერო შეთავაზებით მოიპოვა.
ცნობისთვის, ამჟამად იტალიის საბანკო სექტორში ათობით საფინანსო ინსტიტუტია წარმოდგენილი, თუმცა აქტივების თითქმის 60% ხუთ მათგანზე მოდის.
ბაზრის ლიდერების კონსოლიდირებული პორტფელი თითქმის €1.75 ტრილიონს ($1.89 ტრილიონი) აღემატება. ამ მონაცემებში უმთავრესი წილი მსხვილ უნივერსალურ ბანკებსა და სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტზე მოდის. რეიტინგის სათავეში მყოფი ორგანიზაციები ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და კერძო სექტორის დაფინანსებას უზრუნველყოფენ.
სია კი ასეთია:
• Intesa Sanpaolo | საერთო აქტივები - $706 მლრდ. | ბაზრის წილი - 21.73% • UniCredit | საერთო აქტივები - $427 მლრდ. | ბაზრის წილი - 13.15% • CDP | საერთო აქტივები - $422 მლრდ. | ბაზრის წილი - 13% • Banco BPM | საერთო აქტივები - $195 მლრდ. | ბაზრის წილი - 5.99% • BPER Banca | საერთო აქტივები - $142 მლრდ. | ბაზრის წილი - 4.36%
BM.GE
წყარო: bm.ge