
საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან
საფრანგეთში გასულ უქმეებზე მომხდარი ძალადობრივი არეულობები სადაზღვევო სექტორისთვის ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური დარტყმა აღმოჩნდა.
Morningstar DBRS-ის ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიების ზარალმა შესაძლოა €1.2 მილიარდს მიაღწიოს, ხოლო ბროკერების გათვლებით, ეს მაჩვენებელი €1 მილიარდს გადააჭარბებს.
შეგახსენებთ, თავდაპირველად მშვიდობიანად დაწყებული მასობრივი პროტესტები მოგვიანებით ძარცვასა და შენობებზე თავდასხმებში გადაიზარდა. საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრის, სერჟ პაპენის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 3,000 ბიზნესობიექტი დაზიანდა, სამიზნეებს შორის კი ისეთი პრემიუმ ბრენდების მაღაზიები აღმოჩნდა, როგორებიცაა Louis Vuitton-ი და Kenzo.
მართალია, ორშაბათს ღამით ქუჩებში ვითარება დასტაბილურდა, თუმცა არეულობის განახლების შემთხვევაში კომპანიები ხარჯების კიდევ უფრო გაზრდას მოელიან.
"საფრანგეთში არეულობები უკვე "ბუნებრივ კატასტროფებს" ემსგავსება და მოსალოდნელია, რომ ასობით მილიონი ევროს ზარალის მომტანი მსგავსი მოვლენები ყოველწლიურად განმეორდება," - განაცხადა Morningstar-ის ანალიტიკოსმა მარკოს ალვარესმა Financial Times-თან საუბრისას.
მისი განმარტებით, გასული უქმეების ზარალმა უკვე გადააჭარბა 2023 წლის ერთკვირიანი გამოსვლების შედეგად დაფიქსირებულ €700-მილიონიან ნიშნულს.
აღსანიშნი ფაქტია, რომ სოციალური მღელვარების გახშირების ფონზე საკუთარი რისკების შესამცირებლად კერძო სადაზღვევო კომპანიებმა სტანდარტული პოლისებიდან გაფიცვებისა და სამოქალაქო არეულობების ნაწილი ამოიღეს. შესაბამისად, დაზღვევის მსურველ კომპანიებს ცალკე პოლისების შეძენა მოუწევთ.
BM.GE
წყარო: bm.ge