
ekalata.gov.ge-ს შექმნით, მოქალაქე დროს დაზოგავს თუ ფულსაც და როგორ?|ინტერვიუ სოფო ქაშაკაშვილთან
“რითეილ ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ ფასდაკლებული 13 სასურსათო პროდუქტის პლატფორმა www.ekalata.gov.ge -ს ამოქმედება ქსელურ მარკეტებს შორის კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის, რაც ფასებზეც დადებითად აისახება. ამის შესახებ სოფო ქაშაკაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ “რითეილ ასოციაციაში” შემავალი 12 მსხვილი ქსელი ekalata.gov.ge-ს პლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია და ეს რითეილ სექტორის კეთილი ნებაა და არა - ვალდებულება.
მისივე თქმით, სისტემური სააქციო ფასდაკლებების ხარჯზე მოქალაქეებს როგორც დროის, ისე ფულის დაზოგვას შეძლებენ. სოფო ქაშაკაშვილის ინფორმაციითვე, ე.წ. საოჯახო კალათის ბერძნული მოდელის მსგავსად, რომლის მსგავსია ekalata.gov.ge-ს პლატფორმა, კონკურენციის სააგენტო აპირებს გაზომოს, საშუალოდ, რა თანხას დაზოგავს ერთი ოჯახი ფასდაკლებული პროდუქტების პლატფორმის ამოქმედების შედეგად.
ცნობისთვის: საბერძნეთის მოდელისგან განსხვავებით, ქართული მოდელი ჯერჯერობით, არ ითვალისწინებს ქსელური მარკეტებისთვის რაიმე სახის სამართლებრივ ვალდებულებას, მკაცრ საკანონმდებლო რეგულაციებს ან ფასების დაგვიანებით მიწოდებისთვის ჯარიმების დაწესებას.
ინტერვიუ "რითეილ ასოციაციის" ხელმძღვანელ სოფო ქაშაკაშვილთან
- ქსელურ მარკეტებს ფასდაკლებები “ფასების კომისიის” შექმნამდე და მათ მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდეც ჰქონდათ.“ფასების კომისიის” ერთ-ერთ მოკლევადიან რეკომენდაციას წარმოადგენდა ფასდაკლებების პლატფორმა ekalata.gov.ge-ის შექმნა - რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს მომხმარებელს ekalata.gov.ge?
- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პლატფორმა ძალიან მარტივია და ნებისმიერი ასაკის სეგმენტზეა გათვლილი. მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და წინასწარ დაგეგმოს საყიდლები კვირის, დღიურ თუ თვის ჭრილში, თვის ბოლოს კი გააaნალიზოს, რამდენი დაზოგა. ამ ვებგვერდზე ერთად არის თავმოყრილი ასოციაციის წევრი ყველა ქსელური მარკეტის საუკეთესო რეგულარული ფასები და მიმდინარე აქციები. ინფორმაცია მუდმივად განახლებადია, ამიტომ მომხმარებელმა ზუსტად იცის, რა ვადით მოქმედებს ესა თუ ის ფასდაკლება. მეც, როგორც მომხმარებელმა, შაბათ-კვირის საყიდლები უკვე ამ საიტის მეშვეობით დავგეგმე და პროცესი ძალიან მარტივია. უბნის ტიპის მაღაზიებში ისედაც დიდი კონკურენციაა, ისინი მუდმივად ცდილობენ ერთმანეთის მომხმარებლის გადაბირებას და ეს პლატფორმა ამ პროცესს კიდევ უფრო ჯანსაღს გახდის.
- ხშირად აღნიშნავდით, რომ რითეილ სექტორში კონკურენცია ისედაც მაღალია. ბოლო დღეებში კი ხაზს უსვამთ, რომ ეს ვებგვერდი კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის. როგორ? - ყველა სუპერმარკეტს ისედაც აქვს საკუთარი ვებგვერდი, სოციალური ქსელები, მობილურშიც მოგვდის შეტყობინებები ფასდაკლებებზე… რას შეცვლის რეალურად ekalatha.gov.ge?
- წარმოიდგინეთ, თქვენ, როგორც მომხმარებელი, მიჩვეული ხართ სახლთან ახლოს მდებარე ერთ კონკრეტულ მაღაზიას, თუმცა ამ საიტზე აღმოაჩენთ, რომ სულ ცოტა მოშორებით, გვერდითა ქუჩაზე, თქვენთვის სასურველი პროდუქტი ბევრად დაბალ ფასად იყიდება. ბუნებრივია, იქ წახვალთ, სადაც უფრო მიმზიდველი ფასია. ამასთან, თავად ქსელური მარკეტებიც აქტიურად აკვირდებიან ერთმანეთის საფასო პოლიტიკას.
- ამ ვებგვერდის გარეშე არ აკვირდებოდნენ?
- აკვირდებოდნენ, მაგრამ ახლა ეს საიტი ანალიზისა და რეპორტინგის კარგ საშუალებას იძლევა ანუ პლატფორმა სასარგებლოა არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ ბიზნესისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც, რადგან ფასების შედარება აბსოლუტურად ნათელი და გამჭვირვალე ხდება.
- ისე ხომ არ გამოდის, რომ მომხმარებლისთვის მთავარი პრობლემა არა - მაღალი ფასები, არამედ ერთიანი პლატფორმის არარსებობა ყოფილა, რომელიც კონკურენციას უფრო თვალსაჩინოს გახდიდა?
- ეს პლატფორმა მთლიან სურათს, რა თქმა უნდა, ერთიანად ვერ შეცვლის. სექტორში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა - მათ შორის ცენტრალური ლოგისტიკისა და საწყობების განვითარება. თუმცა ნომერ პირველი პრიორიტეტი მაინც იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაა. მსხვილი ქსელები უკვე მუშაობენ ახალ ლოგისტიკურ ცენტრებზე და რამდენიმე წელში უფრო ხელშესახები შედეგები გვექნება. ეს პლატფორმა კი ამ ეტაპზე კარგი მოკლევადიანი ნაბიჯია.
- ჯამში, პლატფორმა ekalata.gov-ge-ით მომხმარებელი უფრო დროს ზოგავს, რომ ყველაფერს ერთ სივრცეში ხედავს, თუ ფულსაც და როდის და როგორ გაიზომება ეს დანაზოგი?
- რა თქმა უნდა, წინასწარი დაგეგმარება თანხების სწორად განკარგვის საშუალებას გვაძლევს; როდესაც მომხმარებელი ინფორმირებულია, თუ რომელ დღეს, რომელი პროდუქტი სად შეიძინოს აქციით, ის რეალურად ზოგავს ფულს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ კონკურენციის სააგენტოს ვაწვდით ინფორმაციას საუკეთესო რეგულარულ ფასებზეც. მაგალითად, თუ ქსელში სამი სხვადასხვა ბრენდის კვერცხი იყიდება, საიტზე აისახება მათ შორის ყველაზე დაბალი, საუკეთესო შეთავაზება. შესაბამისად, მომხმარებელმა იცის, როგორც ყველაზე დაბალი რეგულარული ფასი, ისე სააქციო ფასდაკლებაც. გამორიცხულია, ამან მომხმარებელს დანაზოგი არ მისცეს.
- თუმცა კარგი იქნებოდა, ეს დანაზოგი გაიზომოს. ე.წ. საოჯახო კალათის საბერძნეთის მოდელს თუ შევხედავთ, რაზედაც “ფასების კომისიის” დასკვნაშიც არის საუბარი, იქ მარეგულირებელი წლის ბოლოს აკეთებდა ანგარიშს და ამბობდა, რომ მაგალითად, ერთმა ოჯახმა წლის განმავლობაში, საშუალოდ, 1000 ევრო დაზოგა.
- დიახ, კონკურენციის სააგენტოც აპირებს ამის გაზომვას და წლის ბოლოს შესაბამის ანგარიშს წარადგენს. პლატფორმა პირველადია და ეტაპობრივად დაიხვეწება. ამ ეტაპზე ინფორმაციას მეილით ვაწვდით, რამაც შეიძლება გარკვეული დროითი აცდენა გამოიწვიოს - მაგალითად, აქცია მაღაზიაში უკვე დაიწყოს, მაგრამ საიტზე ჯერ არ იყოს ასახული, რადგან ხშირად გადაწყვეტილებას ფორსმაჟორში, წინა საღამოს ვიღებთ. მომავალში ქსელებს ექნებათ საკუთარი პირადი კაბინეტები, სადაც ინფორმაციას მყისიერად ატვირთავენ.
- ამ ეტაპზე რითეილსექტორი და კონკურენციის სააგენტო ჯენტლმენური შეთანხმებით თანამშრომლობთ, თუ არსებობს რაიმე ადმინისტრაციული დოკუმენტი, სადაც გაწერილია, რომ მაგალითად, კვირაში ერთხელ უნდა მოხდეს ფასების განახლება, როგორც ეს საბერძნეთში იყო?
- ამ ეტაპზე მსგავსი ვალდებულება კანონით არსად არის გაწერილი. სანამ პლატფორმა გასაჯაროვდებოდა, საკმაოდ ვრცელი სამუშაო პროცესი გავიარეთ. ახლაც, ფასების ან აქციების ცვლილებისას, ინფორმაციას ოპერატიულად ვაწვდით. შეიძლება, ადამიანური ფაქტორის გამო დილით ადრე მცირე დაგვიანება მოხდეს, თუმცა საიტის ტექნიკური ჯგუფიც და ჩვენც მაქსიმალურად სწრაფად ვმოქმედებთ.
- ხომ არ იგეგმება, რომ ეს პროცესი მომავალში საკანონმდებლო დონეზე სავალდებულო გახდეს?
- შესაძლოა, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს. ვალდებულება იმაში მდგომარეობს, რომ საიტზე მიწოდებული ფასი აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს მაღაზიის თაროზე არსებულ ფასს - ამის კონტროლი სააგენტოს ევალება და ამ თანხვედრაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, გვაკისრია. კონკრეტული კანონი ამ ურთიერთობას ამ დროისთვის არ არეგულირებს.
- მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადეს, რომ ამ პლატფორმაზე ფასების განთავსება ქსელური მარკეტებისთვის ვალდებულებაა, თუმცა თქვენგან ვისმენთ, რომ ეს უფრო ნებაყოფლობითი ნაბიჯია და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. ზუსტი ინფორმირებისთვის გვითხართ: სამართლებრივ ვალდებულებაა თუ ბიზნესის კეთილი ნება?
- ჩვენს შემთხვევაში ამას გადამწყვეტი როლი არ აქვს. როგორც კი პარლამენტის დროებითმა კომისიამ ეს რეკომენდაცია გასცა, მანამ, სანამ კონკურენციის სააგენტოს დაევალებოდა პლატფორმის შექმნა, ჩვენ მეორე დღესვე განვაცხადეთ, რომ რითეილასოციაციის ყველა წევრი, რომელიც სოციალური პროდუქციით ვაჭრობს, უკლებლივ ჩაერთვებოდა ამ პროექტში. ყველამ გაითავისა თავისი სოციალური პასუხისმგებლობა და მაშინვე დაიწყო აქციების კამპანია.
- ე.წ. საოჯახო კალათის ბერძნულ მოდელში მსხვილ ქსელებს, რომელთა ბრუნვაც გარკვეულ მილიონებს აჭარბებს, კანონით აქვთ ამ პროგრამაში მონაწილეობის ვალდებულება. ჩვენთანაც ხომ არ იგეგმება ნებაყოფლობითობიდან სავალდებულო პრინციპზე გადასვლა?
- ზოგადად, ბიზნესს არ უყვარს რეგულაციებით შებოჭვა; ჩვენ არც „უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის“ შესახებ რეგულაციების მიღებას ვემხრობით. ვინაიდან ჩვენი სექტორი თავად, ნებაყოფლობით და სრულიად ღიად ჩაერთო ამ პროცესში, დამატებითი რეგულაციების აუცილებლობას ვერ ვხედავთ, თუმცა შესაძლოა სახელმწიფომ მომავალში მცირე მასშტაბის ქსელების ჩართვაც მოინდომოს. ჩემი აზრით, პლატფორმა იმდენად წარმატებული და ინფორმაციული იქნება, რომ მცირე ქსელები თავადვე შემოგვიერთდებიან.
- მცირე ზომის მაღაზიებს მათ რატომ უნდა გაუჩნდეთ ამის მოტივაცია?
- რატომ? - იმისთვის, რომ გაიზარდონ, გაფართოვდნენ და მომხმარებელს უფრო კონკურენტული პროდუქტი შესთავაზონ. ყველაფერი მცირე მასშტაბებით იწყება.
- ფასების კომისიის დასკვნამ არ დაადასტურა პრემიერის ეჭვები, რომ ბიზნესი „ჭარბ ფასნამატზე“ მუშაობდა, თუმცა დაბალი შემოსავლების გამო, მოქალაქეებს პროდუქტები მაინც ძვირი ეჩვენებათ. კომისიის მუშაობის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით რამდენი პროცენტით გაიაფდა საბაზისო კალათის პროდუქტები?
- ჯერ ძალიან მცირე დრო გავიდა გლობალური ანალიზისთვის, თუმცა საწყის ეტაპზე ფასების ცვლილება კონკრეტულ პროდუქტებზე 5-დან 30%-მდე იყო. აქციები სოციალურ პროდუქტებზე უფრო სისტემური გახდა. ახლა ჩვენი თითოეული წევრი ცდილობს, რომ პირველადი მოხმარების 13 საბაზისო კატეგორიიდან ერთ დასახელებაზე მაინც მუდმივად ჰქონდეს ფასდაკლება.
- სისტემურობა ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, თუ ერთ ბრენდის კვერცხზე დასრულდება ფასდაკლება, მეორეზე დაიწყება, რათა მომხმარებელს კატეგორიაში მუდმივად დახვდეს შეღავათიანი ფასი?
- დიახ, ზუსტად ასეა - თითოეული კატეგორიის ერთ დასახელებაზე მაინც მუდმივად უნდა იყოს აქცია.
- თუ კონკურენციის სააგენტო დააწესებს ჯარიმებს ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებაზე ან განსაზღვრავს მკაცრ გრაფიკს, როგორი იქნება რიტეილის პოზიცია?
- ვფიქრობთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს. თავად ქსელების ინტერესშია ინფორმაციის სწრაფად ასახვა, რათა მომხმარებელმა დროულად გაიგოს ფასდაკლების შესახებ. გამძაფრებული კონკურენციის პირობებში ინფორმაციის დაგვიანება არცერთ მარკეტს არ აწყობს.
- იმედია, წლის ბოლოს კონკურენციის სააგენტო დაგვითვლის, თუ რა თანხა დაზოგა საშუალოდ ერთმა მომხმარებელმა www.ekalata.gov.ge-ს ამოქმედებით.
BM.GE
წყარო: bm.ge