
გაზზე აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი გარანტიებია ფასებთან დაკავშირებით - კობახიძე
"ეს ხელშეკრულებები ეხება გარანტიებს მოცულობასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვან გარანტიებს ფასებთან დაკავშირებით", - ეს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანთან "დამატებითი გაზის" ხელშეკრულების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საქართველომ კარგი პირობებით განაახლა ეს შეთანხმება.
"არასწორად იყო ნათქვამი, თითქოს 40%-ით გაიზარდა „გაზპრომის“ წილი. ამის მესამედითაც არ გაზრდილა წილი, ეს შემიძლია გითხრათ სრული დარწმუნებით. რაც შეეხება იმას, თუ რას მოვაწერეთ ხელი აზერბაიჯანთან, არის ეს ახალი ხელშეკრულება, თუ გაგრძელება - ალბათ კითხვა ეხებოდა იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. ფორმალურად ეს არის ახალი ხელშეკრულება, თუმცა არის რეალურად იმ 20-წლიანი ხელშეკრულების გაგრძელება და არსებითად ანალოგიური პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე იყო დადებული. ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ვიღაცები გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. მოიაზრებს თუ არა ეს ხელშეკრულებები ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის დათმობას - არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მიმდინარე წლის მაისში პრემიერმა თქვა, რომ აზერბაიჯანთან "დამატებითი გაზის" ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველოში კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა. ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც აზერბაიჯანთან განახლებული კონტრაქტის პირობებს შეეხებოდა.
სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და ოფციური ხელშეკრულებით მიღებული გაზია. უშუალოდ სამხრეთ კავკასიური გაზსადენით ქვეყანამ 235 მლნ მ³ გაზი მიიღო. გასულ წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1.6%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელთან შედარებით გაზრდილია სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა. ასე მაგალითად, თუ 2025 წელს SCP-დან საქართველომ 70 მლნ მ³ გაზი მიიღო, შარშან ეს მაჩვენებელი 235 მლნ მ³-მდე გაიზარდა.
სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. გასულ წელს ქვეყანამ ჯამში 3,172 მლრდ მ³ ბუნებრივი აირი მოიხმარა.
ვრცლად ამ თემაზე: აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი 2025 წელსაც შემცირდა, რუსეთიდან კი გაიზარდა
BM.GE
წყარო: bm.ge