მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ზარალიანი შპს-ს დირექტორს 10 მრჩეველი ჰყავდა | აუდიტი
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ზარალიანი შპს-ს დირექტორს 10 მრჩეველი ჰყავდა | აუდიტი

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ზარალიანი შპს-ს დირექტორს 10 მრჩეველი ჰყავდა | აუდიტი

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 21:40|bm.ge

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მართვაში არსებული შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორს 10, ხოლო 2024 წელს 9 მრჩეველი ჰყავდა. ორწლიან პერიოდში მათ შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 913,252 ლარი მიიღეს. აუდიტის სამსახურის განმარტებით, შრომით ხელშეკრულებებში თითქმის არ იყო გაწერილი მრჩევლების კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, ხოლო კომპანიამ ვერ წარმოადგინა მათ მიერ გაწეული საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, ვერ დადასტურდა ამ პოზიციების არსებობის საჭიროება და დანახარჯების ეკონომიურობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მართვაში არსებული შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ 2023-2024 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილი ფინანსური, ადმინისტრაციული და საკადრო ხარვეზები. როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, აუდიტის სამსახურმა გამოვლენილი შეუსაბამობების გათვალისწინებით დასკვნა შესასწავლად გენერალურ პროკურატურაში გააგზავნა.

გარდა ამისა, გამოვლინდა სამუშაო დროის აღრიცხვისა და კონტროლის ნაკლოვანებები:

• 2023-2024 წლებში 23 თანამშრომელს (მათ შორის დირექტორის 3 მრჩეველს) შვებულების ან მივლინების გაფორმების გარეშე, ჯამურად 662 სამუშაო დღე გატარებული ჰქონდა საზღვარგარეთ. აღნიშნული პერიოდები მათ ჩაეთვალათ ნამუშევარ დროდ, რაზედაც გაიცა 69,160 ლარის ანაზღაურება. • კერძოდ, ადმინისტრაციის ერთ-ერთმა სპეციალისტმა საზღვარგარეთ გაატარა 336 სამუშაო დღე, რაშიც 28,000 ლარი დაერიცხა. • გამოვლინდა 34 თანამშრომელი, რომლებიც პარალელურად სხვა ორგანიზაციებიდანაც იღებდნენ ხელფასს, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანაწესით სრულ სამუშაო განაკვეთზე ირიცხებოდნენ. • 2023-2024 წლებში თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით გაიცა 1,589,862 ლარი, საიდანაც 1,165,677 ლარი გაცემული იყო „განსაკუთრებული როლის შესრულებისთვის“, თუმცა შესაბამისი დასაბუთებებისა და გაწერილ კრიტერიუმების გარეშე.

ფინანსური მაჩვენებლები და შვილობილი კომპანიების მართვა, ასევე პრობლემური შესყიდვები

აუდიტის მონაცემებით, კომპანიამ 2023-2024 წლებში სახელმწიფო აქტივების იჯარიდან, პრივატიზებიდან და საბანკო დეპოზიტების საპროცენტო სარგებლიდან ჯამში 19.73 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. მიუხედავად ამისა, ორივე საანგარიშგებო წელი ფინანსური ზარალით დასრულდა, რამაც ჯამში 17.03 მილიონი ლარი შეადგინა.

აგრეთვე გამოიკვეთა შვილობილი საწარმოებისა და სესხების მართვის პრობლემები:

• კომპანიას შვილობილ საწარმოებზე 2016-2024 წლებში გაცემული აქვს 7,488,164 ლარის სესხი. • შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრზე“ გაცემული სესხებიდან დაუფარავია 5,090,072 ლარის ძირი თანხა და 1,588,118 ლარის დარიცხული პროცენტი, რომელთა დაფარვის ვადებმა დაუსაბუთებლად გადაიწია 2026 წლის ბოლომდე. • ვადაგადაცილებულ დებიტორულ დავალიანებებზე კონტროლის სისუსტის გამო, 1.68 მილიონ ლარზე მეტი მოთხოვნა ვადაგადაცილებულია 1 წელზე მეტი ხნით. • ქუთაისის ყოფილი საპარლამენტო კომპლექსი: შენობების საინჟინრო კომუნიკაციების სარეაბილიტაციო ტენდერში (ღირებულება 20.97 მლნ ლარი) მოთხოვნილი იყო პრეტენდენტის მხრიდან სავარაუდო ღირებულების 500%-იანი გამოცდილება (დაახლოებით 105 მლნ ლარი), რაც აუდიტის შეფასებით ხელოვნურად შემზღუდავი სატენდერო პირობა იყო. გარდა ამისა, სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ანალიზმა აჩვენა, რომ შემსრულებელ კომპანიას (შპს „თბილი სახლი“) არაეკონომიურად და ზედმეტად აუნაზღაურდა 1,258,134 ლარი. • საზედამხედველო მომსახურება: აღნიშნული პროექტის ტექნიკური ზედამხედველობისთვის, ტენდერის გვერდის ავლით, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირავეს ფიზიკური პირი, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 25,510 ლარს შეადგენდა. • ავტოპარკი: 2024 წლის ბოლოს კომპანიის ბალანსზე ირიცხებოდა 14 ავტომობილი. მთავრობის №121 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმატივებთან შედარებით, კომპანიას 6 ერთეულით მეტი ავტომობილი ჰყავდა, რაზედაც 2023-2024 წლებში არაეკონომიურად დაიხარჯა 23,495 ლიტრი საწვავი (მინიმუმ 72,436 ლარი).

რას საქმიანობს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია"?

რაც შეეხება შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას", ის უშუალოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული კომპანიაა და ის წლების განმავლობაში თავად ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოიყენებოდა უფუნქციო კომპანიების ქონების განკარგვის მიზნით. არსებული მდგომარეობით, აღნიშნული კომპანიის დაქვემდებარებაშია შემდეგი კომპანიები - შპს საქართველოს საზღვაო სანაოსნო (უფუნქციო); შპს გურიის სამედიცინო ცენტრი (უფუნქციო; ლიკვიდირებული); შპს საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი (ფუნქციონირებადი); შპს საქსპეცტრანსი (ფუნქციონირებადი; მშენებლობა); შპს სამთომაშველი (ფუნქციონირებადი); შპს წყალტუბოს თერმული წყლები (ფუნქციონირებადი); შპს დემეტრე 96 (უფუნქციო); შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია (მინიმალურად ოპერირებადი); შპს საზღვაო სტამბა (უფუნქციო); შპს ატელიე თოლია (უფუნქციო); სს კურორტი მენჯი (უფუნქციო); სს საქართველოს აბრეშუმი (უფუნქციო); შპს ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის გადასხმის სადგური (უფუნქციო); შპს სამედიცინო რეაბილიტაციის ამბულატორიული ცენტრი (უფუნქციო); შპს წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა - 2003 (უფუნქციო); შპს შუა დერეფნის სავაჭრო სახლი (უფუნქციო).

იმის მიუხედავად, რომ ამ კომპანიების უდიდესი ნაწილი უფუნქციოა, შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია" მაინც ახდენს მათი მენეჯმენტის ოპერაციების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ამ უფუნქციო კომპანიების აქტივების განკარგვასთან. გარდა შვილობილი კომპანიებისა "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია" ფლობს უძრავ ქონებას თბილისსა და ბათუმში, მათ შორის რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობა იურიდიულად არა პარლამენტის, არამედ ამ კომპანიის საკუთრებაშია.

კომპანიის აქტივები 269 მილიონ ლარად არის შეფასებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაერომ უკრაინის ენერგეტიკაზე რუსული დარტყმები კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად შეაფასა

გაერომ უკრაინის ენერგეტიკაზე რუსული დარტყმები კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად შეაფასა

BM.GE

წელს „არქის“ გაყიდვები 48%-ით გაიზარდა - ვინ ინტერესდება უძრავ ქონებაში ინვესტირებით?

წელს „არქის“ გაყიდვები 48%-ით გაიზარდა - ვინ ინტერესდება უძრავ ქონებაში ინვესტირებით?

BM.GE

AI-ის გამო, ჩინეთის საფონდო ბირჟამ $2.4 ტრილიონი დაკარგა

AI-ის გამო, ჩინეთის საფონდო ბირჟამ $2.4 ტრილიონი დაკარგა

BM.GE

Apple-მა M6 ჩიპით აღჭურვილი ახალი MacBook Pro წარადგინა

Apple-მა M6 ჩიპით აღჭურვილი ახალი MacBook Pro წარადგინა

BM.GE