
Apple-მა M6 ჩიპით აღჭურვილი ახალი MacBook Pro წარადგინა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა ახალი, 14-ინჩიანი MacBook Pro ოფიციალურად წარადგინა.
როგორც ირკვევა, საბაზისო მოდელი 16-გიგაბაიტიანი ოპერატიული და 1-ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერებით არის აღჭურვილი, მისი საწყისი ღირებულება კი $1,999-ს შეადგენს. მომხმარებლები ვერცხლისფერი და შავი ფერის ლეპტოპების წინასწარ შეკვეთას 28 ოქტომბრიდან შეძლებენ, ხოლო პირველ მყიდველებს კომპანია მოწყობილობებს 6 ნოემბერს მიაწვდის.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ახალი MacBook Pro მუშაობს M6 ჩიპზე, რომელიც 12-ბირთვიან ცენტრალურ პროცესორს აერთიანებს და მსოფლიოში უსწრაფესი ბირთვის წყალობით რთულ პროფესიულ დავალებებს უმოკლეს დროში ასრულებს.
ამას გარდა, მოწყობილობას ხელოვნური ინტელექტის მძლავრი შესაძლებლობები აქვს, კავშირის სისწრაფეს კი Wi-Fi 7 და Bluetooth 6 სტანდარტები უზრუნველყოფს, რაც წინა თაობის მოდელში არსებულ Wi-Fi 6E-სა და Bluetooth 5.3-ს მკვეთრად სჯობნის.
ლეპტოპს 12-მეგაპიქსელიანი Center Stage კამერა, MagSafe 3, HDMI, სამი Thunderbolt 4 პორტი, ასევე მეხსიერების ბარათისა და ყურსასმენების შესაერთებლები პორტები აქვს. ამასთან, გაუმჯობესდა სწრაფი დამუხტვის სისტემაც და 96-ვატიანი ან სხვა მძლავრი USB-C ადაპტერის გამოყენებისას ელემენტი 50%-მდე სულ რაღაც 30 წუთში იმუხტება.
M6 ჩიპზე მომუშავე MacBook Pro კომპანიის სამოდელო ხაზში ახალი საბაზისო ვერსია იქნება და ის M5 პროცესორით აღჭურვილ წინამორბედს ჩაანაცვლებს.
BM.GE
წყარო: bm.ge