
"ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდის" - რა ზრდის საქართველოს ეკონომიკას?
“თიბისი კაპიტალის” შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში უდიდესი წვლილი, 96% მომსახურების დარგებზე მოდიოდა.
როგორც “თიბისი ჯგუფის” უფროსმა ეკონომისტმა, ნიკოლოზ ზურაბაშვილმა BMG-სთან განაცხადა, საპირისპიროდ ამისა, ისეთ მიმართულებებს როგორიცაა მაგალითად სხვადასხვა საქონლის ექსპორტი, რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. მისი თქმით, ჯამში ექსპორტის წილი მთლიან რეალურ ზრდაში მხოლოდ 6%-ია.
მისი განმარტებით, ექსპორტში დიდი წილი უჭირავს შუალედურ მოხმარებას, ასევე ფასების ეფექტს, ეკონომიკური ზრდა კი თავის მხრივ გამორიცხავს როგორც შუალედურ მოხმარებას, ასევე ფასების კონტრიბუციას.
თუმცა მეორე მხრივ, “თიბისი ჯგუფის” უფროსი ეკონომისტი განმარტავს, რომ ტურიზმიდან შემცირებული შემოსავლების ფონზე, ბოლო პერიოდში მზარდი ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ჭრილში მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი გახდა.
“რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს, წლის პირველ ნახევარში ეს იყო ფაქტობრივად მთლიანად მომსახურება. ჩვენი შეფასებით, პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის 96%, ანუ თითქმის მთლიანად მოდიოდა მომსახურების სექტორებზე. ეს მომსახურების სექტორები ძირითადად არის IT სექტორი, რომელიც ინარჩუნებს დომინანტურ მდგომარეობას, შარშანაც IT სექტორი იყო მთავარი კომპონენტი ეკონომიკური ზრდის და წელსაც ეს დარგია. ასევე აღსანიშნავია ტრანსპორტირების სექტორი, რომელსაც წელს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში და ვაჭრობის სექტორი. ეს TOP-3 კონტრიბუტორი დარგია მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რამაც ეკონომიკური ზრდა განაპირობა.
საპირისპიროდ, საინტერესოა, რომ საქართველოდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი. ეს არის ნავთობი, ფეროშენადნობები, ოქრო, რაც მნიშვნელოვანი სავალუტო შემოდინებების წყაროა ქვეყნისთვის. მაგრამ ამ სექტორის წილი ეკონომიკურ ზრდაში არის ძალიან დაბალი, ჯამში დაახლოებით 6% მხოლოდ. იქიდან გამომდინარე, რომ მართალია გამოშვება დიდია ამ სექტორში, მაგრამ ასევე დიდია შუალედური მოხმარების წილი, მათ შორის იმპორტირებული, მაგალითად, ნავთობის ექსპორტი ხდება იმპორტირებული ნავთობის ხარჯზე. დამატებული ღირებულების დიდი ნაწილი, რაც რჩება ამ შუალედური პროდუქციის გამორიცხვის შემდეგ, ასევე მოდის ფასებზე და არა მოცულობაზე. ხოლო ეკონომიკური ზრდა, მოგეხსენებათ, გამორიცხავს როგორც შუალედურ მოხმარებას, ასევე ფასების ეფექტს და შესაბამისად ამ სექტორის წილი ეკონომიკურ ზრდაში შედარებით დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ გამოშვებაში დაახლოებით 25% მრეწველობაზე მოდის, ხოლო ეკონომიკურ ზრდაში, როგორც გითხარით, მხოლოდ 6% უჭირავს. IT სექტორის შემთხვევაში პირიქით არის - მისი წილი გამოშვებაში ძალიან დაბალია, მაგრამ დამატებული ღირებულება იმდენად დიდია, რომ ეკონომიკურ ზრდას მეტწილად ეს სექტორი განაპირობებს", - განმარტა ნიკოლოზ ზურაბაშვილმა.
მან საქართველოს ეკონომიკაში ახლო აღოსავლეთის კონფლიქტის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზრდის მხრივ ამ ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია.
"რაც შეეხება რისკებს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია საქართველოს ეკონომიკაზე ეკონომიკური ზრდის მხრივ, თუმცა სავალუტო შემოდინებები გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ გაგვეზარდა სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი. რატომ არ მოახდინა გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე? ამის პასუხი არის ის, რომ ტურიზმიდან შემოსავლების ვარდნა, რომელიც დაფიქსირდა მყისიერად, ახლო აღმოსავლეთის ომის დაწყებიდანვე, ექსპორტის ზრდამ დააკომპენსირა. ექსპორტის ზრდას ისევ და ისევ განაპირობებდა სასაქონლო პროდუქციის, ძირითადად ნავთობის ექსპორტი, რომელზეც ომის ფონზე ფასებიც მთელ მსოფლიოში გაიზარდა. შესაბამისად, ფაქტობრივად ექსპორტის ზრდამ ტურიზმის კლება სრულად დააკომპენსირა.
ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ტურიზმის შემოსავლებში უკვე მნიშვნელოვანი აღდგენა გვაქვს, ხოლო ექსპორტი ისევ ძლიერ ნიშნულზე ნარჩუნდება. შესაბამისად, ორივე ამ წყაროდან შემოდინებები უკვე ძლიერია”, - განაცხადა ნიკოლოზ ზურაბაშვილმა.
ცნობისთვის, წელს შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge