
ელექტროენერგიის ბირჟის სრულად ამოქმედება მერვედაც გადავადდა
მთავრობამ პირდაპირ მომხმარებელთა ნაწილისთვის ენერგეტიკულ ბაზრის გახსნა ერთი წლით კიდევ გადაავადა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის სრულად გახსნა მერვედ გადავადდა.
კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, 2027 წლის 1 ივლისამდე, ბირჟაზე უნდა გასულიყვნენ 35-110 კვ ძაბვის და 6-10 კვ ძაბვის საბოლოო მომხმარებლები, რომლებიც თვეში არანაკლებ 1 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ.
ასევე, 1 წლით, ამჯერად 2028 წლის პირველ ივლისამდე გადავადდა ბაზარზე გასვლა ყველა სხვა მომხმარებლის (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსი).
აქამდე მოქმედი წესით, 2026 და 2027 წლის ივლისიდან უნდა მომხდარიყო ამ ტიპის მომხმარებლისთვის ბაზრის გახსნა.
ენერგეტიკულ ბირჟა ჯერ კიდევ სრულფასოვნად 2021 წელს უნდა გახსნილიყო. რამდენჯერმე გადავადების შემდეგ, 2024 წლის პირველ ივლისს ბირჟა ნებაყოფლობით გაიხსნა და გარდამავალ რეჟიმში ოპერირებს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.
იმის გამო, რომ ენერგეტიკული ბირჟა შეზღუდული მონაწილეებით მუშაობს, ბირჟაზე აქტივობა დაბალია. შარშან აქ მხოლოდ 129,753.8 მგვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა, რომლის საშუალო ფასი საბალანსო ფასთან შედარებით დაბალი კვტ.სთ-ზე დაახლოებით 13 თეთრი იყო.