
ელექტროენერგიის გათიშვები შესაძლოა, გენერაციის მასშტაბურ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს - მერაბ ლომინაძე
არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოვრიცხოთ, მათ შორის არც საბოტაჟი - ამის შესახებ კომპანია ET Sinergy-ის დამფუძნებელი ელექტროენერგიის სისტემურ გათიშვასთან დაკავშირებული საკითხის შეფასებისას აცხადებს.
როგორც მერაბ ლომინაძემ BMG-ს განუცხადა, მაშტაბურ გათიშვაზე გავლენა შესაძლოა, ასევე მოეხდინა გასულ თვეებში გენერაციის ობიექტების იძულებით შეზღუდვებს. მისი თქმით, ენერგოსისტემაში ამ მასშტაბის ჩარევამ შესაძლოა, ტექნიკური პრობლემა გამოიწვია, რამაც საბოლოოდ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია.
“ალბათ ყველა იმ შეფასებას, რომელიც ჩვენ დღემდე მოვისმინეთ, გააჩნია ვალიდური საფუძველი, რომ ესა თუ ის მიზეზი ყოფილიყო პრობლემის და ამ ინციდენტის მიზეზი. თუმცა, აუცილებელია, დეტალური ანალიზი გაკეთდეს, რასაც სჭირდება დრო. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს ანალიზი, არ გამოირიცხოს არც საბოტაჟის ფაქტორი, არ გამოირიცხოს არც ტექნიკური ხარვეზის ფაქტორი. რაც დასახელდა, აბსოლუტურად უკლებლივ ყველა ფაქტორი შესაძლებელი იყოს ის გამომწვევი მიზეზი, რამაც დააყენა ეს შედეგი. შეიძლება იყოს საბოტაჟი, შეიძლება იყოს ტექნიკური გაუმართაობა თუ სხვა.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, წელს გვაქვს პირველი წელი, როდესაც ჩვენ ხელოვნურად ამ მასშტაბით ვერევით გენერაციის ობიექტების შეზღუდვაში, რაც თავის ზეგავლენას ქმნის რეჟიმებზე ჩვენს ენერგოსისტემაში. ამდენმა ჩარევამ შესაძლოა, რაღაც ეტაპზე გამოიწვია შეცდომის დაშვება და ამდენი სიჭარბის შეზღუდვიდან გამომდინარე მივიღეთ ეს შედეგი, რაც გვაქვს. ჩვენ რომ გვქონოდა ქვეყნის შიგნით განვითარებული და მდგრადი მოხმარება, შესაძლებელია ესეც თავიდან აგვერიდებინა”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
ცნობისთვის, სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
ამასთან, სემეკ-მა ამ ეტაპზე 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასების თანახმად, გასაჯაროვდა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი გარემოება იყო ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად 16.3%-ით შემცირდა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე, საქართველოს ელექტროსისტემას მოუწია გენერაციის შეზღუდვა, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად. ენერგოსისტემაში გენერაციის შეზღუდვები მაისშიც იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge