
ელექტრომობილების გაყიდვების წარუმატებლობის გამო Porsche 2035 წლისთვის 9,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანულმა ავტომწარმოებელმა Porsche-მ 2035 წლისთვის 9,000-მდე თანამშრომლის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. არსებული ინფორმაციით, მენეჯმენტი და პროფკავშირები დამატებითი 5,000 შტატის გაუქმებაზე შეთანხმდნენ. როგორც ირკვევა, ეს ცვლილება ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრ შემცირებასა და ელექტრომობილების სტრატეგიაში წარმოქმნილ შეფერხებებს უკავშირდება.
საყურადღებოა, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესი იძულებით დათხოვნებს არ ითვალისწინებს. პერსონალის შემცირება კადრების სამსახურიდან ნებაყოფლობითი წასვლის სქემებს დაეფუძნება. ცნობისთვის, ახალ შეთანხმებამდე მხოლოდ 3,900 პოზიციის გაუქმება იგეგმებოდა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ თანამშრომლების შემცირებაზე შეთანხმების ფონზე კომპანიამ შეძლო საკმარისი რესურსების მობილიზება, რათა ავტომობილების საწარმოო ქარხნები 2035 წლამდე გარანტირებულად შეინარჩუნოს. ამავე შეთანხმების ფარგლებში, Porsche შტუტგარტ-ცუფენჰაუზენის მთავარ ქარხანასა და ვაისახის კვლევით ცენტრში €2.1 მილიარდის ($2.39 მლრდ.) ინვესტიციას განახორციელებს.
საინვესტიციო ბანკ Metzler-ის ანალიტიკოს დანიელ შვარცის შეფასებით, შტატების ახლა შემცირებაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს გადაწყვეტილება გაყიდვების კლებითაა გამოწვეული. ექსპერტის განცხადებით, ხარჯების შემცირება გარდაუვალია, რადგან ჩინეთის ბაზარზე Porche-ს სწრაფ დაბრუნებას ანალიტიკოსები არ ელოდებიან.
ცნობისთვის, 2024 წლის ბოლოსთვის Porsche-ში დაახლოებით 42,600 თანამშრომელი მუშაობდა.