
ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ დაბრუნების სტიმული, ან საქართველოს მოუწევს დაეყრდნოს უცხოურ მუშახელს - ფადი ასლი
ICC საქართველოს თავმჯდომარე, ფადი ასლი კადრების პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უცხოელების დასაქმების შეზღუდვის საკითხს მთავრობა უფრო ფრთხილად უნდა მიუდგეს.
როგორც მან BM.GE-სთან აღნიშნა, გაზრდილი ემიგრაციის ფონზე, კვალიფიციური კადრების მოძიება გამოწვევაა. ის მიიჩნევს, რომ თუ ემიგრანტების უკან დაბრუნების და აქ დასაქმების სტიმული არ გაჩნდება, რაღაც ეტაპზე ქვეყანას მოუწევს უცხოელ კადრებს დაეყრდნოს.
"ჩვენ განვიხილეთ ეს თემა და ეს რეალური პრობლემაა. იმიტომ, რომ კომპანიები, რომლებიც ბევრ ადამიანს ასაქმებენ, ვეღარ პოულობენ კადრებს. ძალიან ბევრმა ქართველმა დატოვა ქვეყანა უკეთესი პირობებისა და პერსპექტივების საძიებლად და ვინც დარჩა, კვალიფიციური ბევრი არაა და არის კონკურენცია მათ დასასაქმებლად. დანარჩენები კი არაკომპეტენტურები არიან შეთავაზებული სამუშაოს შესასრულებლად. ასე რომ, რაღაც ეტაპზე, ან საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს უნდა ჰქონდეთ სტიმული, რომ დაბრუნდნენ აქ და დასაქმდნენ, ან საქართველოს მოუწევს დაეყრდნოს უცხოურ მუშახელს, რათა შეინარჩუნოს ბიზნეს გარემო.
ვფიქრობ, რომ მთავრობა უფრო ფრთხილი უნდა იყოს და უფრო ღრმად იფიქროს, არ უნდა აღფრთოვანდეს დემაგოგიით, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ბოთლებში წყლის საკითხი, სადაც მთავრობამ უკან დაიხია მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ეს შეცდომა იყო, ან თითო უბანში თითო მაღაზიის შექმნის საკითხი... სამწუხაროდ, ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც არ გამოუჩენიათ დიდი პროფესიონალიზმი, როდესაც საქმე ეხება ტექნიკურ საკითხებს. მე მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეს იდეა შესაძლოა ქაღალდზე კარგი იყოს, ისინი ძალიან ღრმად უნდა გაანალიზდეს და განხილული იყოს ბიზნეს საზოგადოებასთან, იმ სექტორებთან, რომელსაც ეხება თავიდანვე და არა მაშინ, როცა უკვე გადაწყვეტენ კანონის მიღებას და შემდეგ ხდება შეჯახება ბიზნესთან. კანონების მიღებისას მეტი სიმწიფე გვჭირდება",- ამბობს ფადი ასლი.
1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელების დასაქმება შეიზღუდა - მთავარი მიზანი ადგილობრივის შრომის ბაზრის დაცვაა. ერთ-ერთი სიახლეა „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები საერთოდ ვერ იმუშავებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge