
ენერგეტიკის განვითარების ფონდის პორტფელში ამჟამად, 350 მეგავატის სიმძლავრის პროექტებია - თამაზ ახვლედიანი
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ამჟამად, 350 მგვტ-ის სიმძლავრის პროექტებსა და მაღალმთიანი სოფლების ელექტროფიკაციას ახორციელებს - ამის შესახებ BMG-სთან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორი თამაზ ახვლედიანი საუბრობს.
მისი თქმით, უწყება ჯამურად, დაახლოებით, 350 მეგავატის სიმძლავრის მზის, ქარისა და ჰიდროპროექტების განვითარებაზე მუშაობს - აღნიშნული ენერგოპროექტების ნაწილი მშენებლობის ეტაპზეა ან ექსპლუატაციაში შედის, ხოლო ნაწილი - ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფაზაშია და უახლოეს მომავალში სამშენებლო ეტაპზე გადავა.
როგორც ფონდში აცხადებენ, მსხვილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, ფონდი მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ელექტროფიკაციასაც ახორციელებს. სექტემბრის ბოლოს სრულდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც, უშუქო დასახლებებში მცხოვრებ კომლებს მზის ავტონომიური სისტემები და დამაგროვებელი ბატარეები უყენდებათ.
„ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ დუშეთის მუნიციპალიტეტში, მზის პანელები 58 ოჯახს უყენდება. პროექტის დასრულების შემდეგ მათ ექნებათ სრული, იზოლირებული ელექტროენერგიის წყარო. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში უშუქოდ დარჩენილი არცერთი ოჯახი არ გვექნება,“ - აღნიშნავს თამაზ ახვლედიანი BMG-სთან.
მისივე განმარტებით, საქართველოს მასშტაბით მუდმივად მცხოვრები უშუქო კომლების რაოდენობა სულ რამდენიმე ასეულს შეადგენს, შესაბამისად, ეტაპობრივი სამუშაოების შედეგად ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.
სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი 2010 წელს დაარსდა და მისი აქციების 100%-ის მფობელი სახელმწიფოა. მისი ამოცანაა განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე ფონდი ეწევა შემდეგ საქმიანობებს: წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარება; პროექტების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება; პროექტის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასება; ინვესტორების მოძიება და დაინტერესება არსებული პროექტებით. ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ფორმდება მემორანდუმი ინვესტორსა და GEDF-ს შორის, სადაც განისაზღვრება ინვესტორისა და კომპანიის ურთიერთვალდებულებები.
BM.GE
წყარო: bm.ge