
ენერგიის სიჭარბის დროს პრიორიტეტი ჰესებს უნდა მიენიჭოს - გიორგი აბრამიშვილი
ენერგიის სიჭარბის დროს პრიორიტეტი ჰესებს უნდა მიენიჭოს - ამის შესახებ „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში“ (GREDA) აცხადებენ.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი BMG-სთან აცხადებს, სისტემაში ენერგიის სიჭარბის დროს, ჰიდროელექტროსადგურების მუშაობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა შეჩერდეს.
გიორგი აბრამიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ჯერჯერობით, ოფიციალურად დოკუმენტზე ასახული არ არის, არსებობს კონსენსუსი, რომ ენერგიის სიჭარბის პერიოდში (როდესაც გენერაცია აჭარბებს მოხმარებასა და ექსპორტის შესაძლებლობას), პრიორიტეტი ჰესებს მიენიჭება.
„ყველა საუბარში აღინიშნება, რომ ჰიდროელექტროსადგურს მიენიჭება პრიორიტეტი და ეს ბევრი კომპონენტის გამო, სწორია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნია და ამ რესურსის უგულებელყოფა არასწორია. მეორე მხრივ, ქარისა და მზის პროექტებს რომ შევადაროთ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არის ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე. შესაბამისად, დამატებით ტვირთს ვეღარ დავაკისრებთ. თუ ასეთ ტვირთს დავაკისრებთ, ჰიდროელექტროსადგურები არ აშენდება“, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი BMG-სთან.
ამასთან, მისივე განმარტებით, ჰესების წლიური გენერაციის თითქმის ნახევარი წყალუხვობის ორ თვეზე მოდის. თუ ამ დროს მათი მუშაობა შეიზღუდება, სადგურების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ტარიფების მნიშვნელოვანი ზრდა გახდება საჭირო.
„ჰიდროელექტროსადგურების გენერაციის დაახლოებით 40-50% გამომუშავდება მიმდინარე ორ თვეში, როდესაც არის ხოლმე წყალუხვობის პერიოდი. ამას თუ გავანულებთ, მაშინ სულ ცოტა, ორჯერ მეტი ტარიფი უნდა გადავუხადოთ ამ ჰესებს. მოკლედ, ამ რიგითობაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა, ყველა მსჯელობაში, ჰესი გამოირიცხა - მათ ყველაზე ბოლოს მოუწევს გაჩერება“, - განმარტავს აბრამიშვილი.
ენერგეტიკულ ქსელში ენერგიის ჭარბად წარმოქმნის (მაგალითად, გაზაფხულზე) ან დისბალანსის შემთხვევაში, მზისა და ქარის ელექტროსადგურები სისტემიდან პირველ რიგში, სავარაუდოდ, გაითიშებიან ან სიმძლავრე შეუმცირდებათ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმით, სადგურების გამორთვის თანმიმდევრობა ასეთია: მზის სადგურები → ქარის სადგურები → ჰიდროელექტროსადგურები.
BM.GE
წყარო: bm.ge