მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ENKA-სთან წაგებული $400 მილიონი - რა გვიჯდება შერყეული რეპუტაცია?|არჩილ მამათელაშვილის ანალიზი
ENKA-სთან წაგებული $400 მილიონი - რა გვიჯდება შერყეული რეპუტაცია?|არჩილ მამათელაშვილის ანალიზი

ENKA-სთან წაგებული $400 მილიონი - რა გვიჯდება შერყეული რეპუტაცია?|არჩილ მამათელაშვილის ანალიზი

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 22:53|bm.ge

"თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, ამ ბაზარზე სხვა ინვესტორი აღარ შემოვა" - ასე აფასებს ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლისა და თურქულ კომპანია ENKA-სთან წაგებული მრავალმილიონიანი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის ეკონომიკურ და რეპუტაციულ შედეგებს.

BMG-ის გადაცემა "ანალიტიკაში" საუბრისას ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის იმ ფორმამ, რაც სახელმწიფომ აირჩია, საქართველოს საინვესტიციო იმიჯი ძირფესვიანად შეარყია.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც პროექტების ჩაშლა ასეთი ფორმით ხდება. ინვესტორის, რომელსაც ამხელა ინვესტიციის ჩადება უნდოდა, ქვეყნიდან ასე გასვლა და შემდგომ სასამართლო დავა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საინვესტიციო გარემოზე. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ასეთ მასშტაბს - კომპანიას ეს ფული ქვეყანაში უნდა ჩაედო, ამოეღო, ბანკები გაესტუმრებინა. ეს უზარმაზარი თანხაა და არ ვიცი, მომავალში რომელი ინვესტორი შეიძლება დაინტერესდეს", - აცხადებს მამათელაშვილი.

არჩილ მამათელაშვილის ანალიზით, ფინანსურ ზარალთან ერთად უმძიმესია ის ენერგეტიკული ჩიხი, რომელშიც ქვეყანა მარეგულირებელი ჰესების ჩაშლის გამო აღმოჩნდა. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, თუმცა სისტემას დაგროვების შესაძლებლობა არ გააჩნია, რაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

"საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და პარალელურად მატულობს განახლებადი ენერგიის წყაროებიც, რისთვისაც ჩვენ გვჭირდება რეზერვები. დღეს რა ხდება: ელექტროენერგიის მწარმოებელი ბევრი კომპანია - ჰიდრო თუ მზის სადგურები - იძულებულია, გაითიშოს და წყალი უბრალოდ გადაღვაროს. ისინი ენერგიას ვერ აწარმოებენ იმ პერიოდში, როდესაც ამის რესურსი რეალურად აქვთ, რადგან მისი შენახვა ვერ ხერხდება. ამ დროს ზარალდებიან კომპანიებიც და სახელმწიფოც.

ხოლო როდესაც ქვეყანას ენერგია სჭირდება, მაშინ შემოგვაქვს იმპორტი. იმპორტის ფასებს ჩვენ ვერ ვარეგულირებთ - ის გაცილებით მაღალია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების ფასი. ეს კი საბოლოო მომხმარებელზე ტარიფის ზრდას იწვევს. როდესაც ტარიფი იმატებს, ეს უმეტესად სწორედ იმპორტირებული გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების ბრალია", - განმარტავს ექსპერტი.

ენერგეტიკოსის თქმით, თუ ენერგოსისტემაში არ გაჩნდება ენერგიის შენახვის საშუალება - იქნება ეს წყალსაცავიანი ჰესები, სააკუმულაციო ბატარეები თუ გაზის საცავი - გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტორები ფულს დაკარგავენ, ხოლო ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთზე კიდევ უფრო გაღრმავდება.

მმართველი გუნდის რიტორიკას, რომ უცხოელი ინვესტორის წასვლის შემთხვევაში ჰიდროელექტროსადგურები ადგილობრივი კაპიტალითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობით აშენდება, მამათელაშვილი არარეალისტურად და ეკონომიკურად საზიანოდ მიიჩნევს.

"როდესაც უცხოელი ინვესტორი შემოდის, ქვეყანაში შემოდის უცხოური ვალუტა, რაც ზრდის სავალუტო რეზერვებს, ამყარებს ლარს, ზრდის ეკონომიკას და გადასახადების სახით მეტი შემოსავალი შედის ბიუჯეტში. ფისკალური და მონეტარული ეფექტი გაცილებით უკეთესია.

რაც შეეხება ბიუჯეტის მონაწილეობას: ასეთი პროექტი, შეფასებებით, $800–850 მილიონი ჯდება, ანუ 2–2.5 მილიარდი ლარი. დაახლოებით 30-მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტის პირობებში, ეს მთლიანი ბიუჯეტის 7-8%-ია. თუნდაც ეს თანხა რამდენიმე წელზე განაწილდეს, მაინც უზარმაზარი ტვირთია. ჩვენი ბიუჯეტი უცებ მასშტაბურად ვერ გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ ეს თანხა სხვა რომელიმე მნიშვნელოვან მიმართულებას უნდა მოაკლდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიცია ცალსახად სჯობს ბიუჯეტის ხარჯვას", - აღნიშნავს მამათელაშვილი.

არჩილ მამათელაშვილი პირდაპირ მიუთითებს სახელმწიფოსა და დარგის წარმომადგენლების პასუხისმგებლობაზე კომუნიკაციის კუთხით. მისი თქმით, წლების განმავლობაში ენერგეტიკულ ობიექტებზე მიზანმიმართულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რასაც ხელისუფლებამ პროფესიონალური კონტრარგუმენტები ვერ დაუპირისპირა.

"დიდი ხანია, რაც ადგილობრივ ენერგოობიექტებზე - როგორც დიდ და პატარა ჰესებზე, ისე გადამცემ ხაზებზე - ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. იყო ჭორები, თითქოს გადამცემი ხაზი უკურნებელ დაავადებებს აჩენს, პატარა ჰესები კი მდინარეებს გააქრობს. სამწუხაროდ, სახელმწიფოსა და ენერგეტიკოსების მხრიდან არ მომხდარა სათანადო ახსნა-განმარტება და კონტრპროპაგანდა, რომ მოსახლეობას რეალობა დაენახა.

ავიღოთ ნორვეგია - 5 000-ზე მეტი ჰესი აქვთ და ქვეყანა 100%-ით ჰესებით მარაგდება, მიუხედავად იმისა, რომ უმდიდრესი ნავთობი და გაზი გააჩნიათ. იგივე ხდება კანადაში, ავსტრიასა თუ შვეიცარიაში. რა თქმა უნდა, გეოლოგიური და გარემოსდაცვითი კვლევები პრიორიტეტული უნდა იყოს. ნამახვანის შემთხვევაშიც იყო კონკრეტული ფერდობი, რომელიც შესაძლოა გეოლოგიურად არ ყოფილიყო მყარი, იყო სოფელი, რომელიც იტბორებოდა და მოსახლეობის ინტერესები აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაცული. პროექტი უნდა შეცვლილიყო და მორგებოდა ამ პირობებს, მაგრამ პროცესის სრული გაჩერება შეცდომა იყო", - ამბობს ენერგეტიკოსი.

კითხვაზე, თუ ვის ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევაზე, მამათელაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართალში პოლიტიკური განცხადებები კონტრაქტის წინაშე უძლურია.

"ინვესტორს ევალება, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები მშენებლობის პროცესში დაიცვას. თუ მშენებლობის ეტაპზე რამე ირღვევა, ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა. მაგრამ ეს მშენებლობა, სამწუხაროდ, არც დაწყებულა და ჩანასახშივე შეჩერდა.

აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად დაარღვიეს მხარეებმა ხელშეკრულება. როდესაც ერთმა მხარემ მოაწერა ხელი და შემდეგ მოხდა პირობების დარღვევა, დავა სწორედ იმაზე მიდის, რამდენად ობიექტური იყო მთავრობის პოზიცია და იყო თუ არა ეს რეალური ფორსმაჟორი. როგორც ჩანს, საარბიტრაჟო სასამართლომ კონტრაქტის დეტალებიდან გამომდინარე უკვე განსაზღვრა პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება ინვესტორის სასარგებლოდ მიიღო", - აცხადებს არჩილ მამათელაშვილი.

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 2026 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხის აღსრულება დაუშვა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საქართველოს ENKA-სთვის $297 მილიონი ძირითადი კომპენსაციის, $52.4 მილიონამდე საგადასახადო კომპენსაციისა და დამატებითი თანხების გადახდა დაეკისრა. თანხებზე ასევე გათვალისწინებულია SOFR-ს დამატებული 4%-ის ოდენობის პროცენტი. აღნიშნული თანხები 2026 წლის მდგომარეობით დარიცხული პროცენტის ჩათვლით 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, რომ სახელმწიფო კოლუმბიის ოლქის სასამართლოს განაჩენსაც გაასაჩივრებს.

დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ნამახვანჰესი" არსებული პირობებით აღარ აშენდებოდა. ინვესტორმა, რომელსაც 433-მეგავატიანი კასკადის მოსამზადებელ სამუშაოებში უკვე $100 მილიონამდე ჰქონდა დაბანდებული, საინვესტიციო ხელშეკრულება ფორსმაჟორის მუხლით შეწყვიტა და პირობების უხეში დარღვევის გამო საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნდა ვიცოდეთ, 2027 წელს გენერაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს - მაია მელიქიძე

უნდა ვიცოდეთ, 2027 წელს გენერაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს - მაია მელიქიძე

BM.GE

რა ჯდება უმაღლესი განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? - OECD-ის მონაცემები

რა ჯდება უმაღლესი განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? - OECD-ის მონაცემები

BM.GE

საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება - დავით სონღულაშვილი

საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება - დავით სონღულაშვილი

BM.GE

მარიჯანის დაზარალებული 433 ოჯახი ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს - ღია წერილი

მარიჯანის დაზარალებული 433 ოჯახი ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს - ღია წერილი

BM.GE