
"ექიმის ბიო-მარნის" ღვინოები რამდენიმე თვეში ქართულ ბაზარზე გამოჩნდება - რა გეგმები აქვს კომპანიას?
მეღვინეობა „ექიმის ბიო-მარანი“ მიმდინარე წელს, ქართულ ბაზარზე შესვლას გეგმავს. როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა მარიეტა კაკიაშვილი-რუაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, კომპანია ძირითადად საექსპორტო ბაზრებზეა ორიენტირებული, თუმცა უახლოეს პერიოდში ღვინოების შეტანას ადგილობრივ მაღაზიებსა და HoReCa სექტორშიც აპირებს.
მისი თქმით, ღვინოების საექსპორტო ფასი 9 დოლარიდან იწყება და, სავარაუდოდ, იგივე საფასო პოლიტიკა შენარჩუნდება ქართულ ბაზარზეც : "აქცენტი საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციაა. ღვინოების საექსპორტო ფასები არის 9 დოლარიდან ზემოთ. თუმცა, ვაპირებთ, რომ საქართველოშიც შევიტანოთ მაღაზიებში, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც ექსპორტზე არის. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე წლები, როდესაც სრულად ითვისებს ექსპორტი ჩვენი ღვინის რაოდენობას, მაგრამ ვფიქრობთ, ახლა უკვე ნელ-ნელა კიდევ უფრო მზარდია და ვფიქრობთ, რომ შევიტანოთ ქართულ მაღაზიებშიც და ქართულ ღვინის რესტორნებშიც", - განაცხადა მარიეტა კაკიაშვილი-რუაძემ.
მისივე განმარტებით, მეღვინეობა ღვინოს დაძველების შემდეგ ასხამს და ბაზარზე ახალი მოსავლის ღვინოებით არ გამოდის.
"წელს უკვე რამდენიმე თვეში გვაქვს მოლაპარაკებები და უკვე უნდა შევიტანოთ. ჩვენ ძირითადად ღვინოს არ ვასხამთ ხოლმე იმ წელსვე. დაახლოებით წელიწად-ნახევარი, ორი წელიწადი ვავარგებთ ღვინოს და შემდეგ ვახდენთ მის ჩამოსხმას. შესაბამისად, ახალი ღვინო არასდროს არ შედის და ეს ყოველთვის არის ხოლმე მარაგებში. ძირითადად იქნება 2022-2023 წლის ღვინოები შეტანილი. საუბარია HoReCa სექტორთან შესვლაზე. ქართულ ბაზარზეც სავარაუდოდ იგივე ფასი ექნება, რაც ექსპორტზეა", - აღნიშნა მან.
მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე ასევე იხსენებს, რომ მეღვინეობის საექსპორტო ისტორია 2022 წელს, WinExpo Georgia-ს გამოფენაზე დაიწყო, სადაც მისი ღვინით იაპონელი იმპორტიორი პირველივე დღეს დაინტერესდა.
"ჩემი სულ პირველი გამოფენაში მონაწილეობა იყო 2022 წელს, როდესაც WinExpo Georgia-ს გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა და პირველივე დღეს დაინტერესდა ჩემი ღვინით იაპონელი ექსპორტიორი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. ჯერ ღვინის ადამიანებსაც არ ვიცნობდი და ჩემთვის პირველი ნაბიჯები იყო მეღვინეობაში. დაახლოებით ორ კვირაში უკვე იაპონიაში გაემგზავრა ჩვენი ღვინოები. ასე დაიწყო", - ამბობს ის.
მისი თქმით, იაპონიის შემდეგ კომპანიის ღვინით ჰონგ-კონგის იმპორტიორიც დაინტერესდა, მოგვიანებით კი კომპანია ბრიტანეთის ბაზარზეც შევიდა.
"შემდეგ იყო ჰონგ-კონგიდან ექსპორტიორი, რომელიც ასევე დაინტერესდა ჩვენი ღვინით. შემდეგ ინგლისში, ლონდონში ვიყავი გამოფენაზე წასული სხვა მეღვინე ქალებთან ერთად და იქ დაინტერესდა კიდევ ბრიტანეთში მოღვაწე ექსპორტიორი, რომელიც ქართული ღვინის ექსპორტს ეწევა. შემდეგ მოხდა ბრიტანეთშიც ჩემი ღვინის გატანა, რომელიც ლონდონში იყიდება სხვადასხვა მაღაზიებში", - აღნიშნავს მეღვინე.
ამჟამად „ექიმის ბიო-მარანი“ ახალ საექსპორტო მიმართულებებზეც მუშაობს. მარიეტა კაკიაშვილი-რუაძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს დანიასა და საფრანგეთში ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით.
"დიდი ინტერესი მაქვს ასევე ევროპაში ექსპორტზე ჩემი ღვინის გატანით და ახლაც მაქვს მოლაპარაკებები ორ სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტიორთან. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში უკვე იქაც გავა. ეს არის დანია და ასევე საფრანგეთი“, - აცხადებს ის.
მეღვინე მცირე მარნებისთვის დამატებითი მხარდაჭერის საჭიროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის მიმართულებით ხელშეწყობა. მისივე შეფასებით, ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს.
"ვფიქრობ, რომ მცირე მარნებს განსაკუთრებით სჭირდებათ სხვადასხვა ხელშეწყობა თვითონ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ძირითადად მარნების მეპატრონეებს გვიწევს ამ ყველაფრის გაკეთება. ამ მხრივ რომ იყოს ხელშეწყობა, ძალიან ბევრი მცირე მარანი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევდა - დანადგარების, შესანახი ჭურჭლისა და სხვა საჭიროებების მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მარნებისთვის", - ამბობს მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge