
ერაყი OPEC-იდან გასვლას განიხილავს
Reuters-ის ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლება ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) დატოვების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანება ოფიციალურ ბაღდადს ნავთობის მოპოვების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდის ნებას არ დართავს.
როგორც ცნობილია, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქვეყანა ყველა ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს და OPEC-იდანაც მარტივად გავა. საგულისხმოა, რომ ერაყის ნავთობის სამინისტრომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოგვიანებით განაცხადა, რომ აღნიშნული ცნობები ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს, ხოლო ორგანიზაციისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. თუმცა სახელისუფლებო ანონიმური წყაროები ამტკიცებენ, რომ სანავთობო კარტელიდან გასვლა უკვე აქტიურად განიხილება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკა ირანის ომის გამო, რომელმაც ჰორმუზის სრუტის გავლით ექსპორტი ფაქტობრივად დაბლოკა, მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის. მიმდინარე წლის მაისში ერაყი დღეში 1.5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება თებერვლის მაჩვენებელს, როდესაც სრუტის ჩაკეტვამდე მოპოვება 4.2 მილიონ ბარელს შეადგენდა. ერაყის პრემიერ-მინისტრის, ალი ალ-ზაიდის განცხადებით, ქვეყანას სურს, რომ ორგანიზაციამ მოპოვების კვოტა მისი საწარმოო შესაძლებლობებისა და მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გაზარდოს. ერაყის მთავრობის წარმომადგენლის, ჰაიდერ ალ-აბუდის განმარტებით, სახელმწიფო ნავთობის საექსპორტო პოტენციალის სრულ აღდგენაზე მუშაობს და მიზნად უახლოეს წლებში მოპოვების დღეში 7 მილიონ ბარელამდე გაზრდას ისახავს.
მიუხედავად ერაყის სურვილისა, შესაძლოა, საუდის არაბეთმა კვოტის გაზრდის ინიციატივა დაბლოკოს, რადგან ის ნავთობის გაიაფებას და OPEC-ის წევრი სახელმწიფოების შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია 1960 წელს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დაარსდა. ერაყი გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, ორგანიზაციიდან მისი შესაძლო გასვლა კი მძიმე დარტყმა იქნება გაერთიანებისთვის, რომელიც ორი თვის წინ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც დატოვა. თუ OPEC-ის დატოვებას ერაყიც გადაწყვეტს, მაშინ თავად ორგანიზაციის არსებობის აზრი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
BM.GE
წყარო: bm.ge