
ეროვნული ბანკი OFAC-ის მიერ საქართველოში დაფუძნებული სანქცირებულ კომპანიაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებულ შპს „შელბითთან“ (SHPS SHELBIT) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ სუბიექტს ეროვნული ბანკისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად (VASP) რეგისტრაციის თაობაზე არ მოუმართავს.
სების ცნობით, „შელბითი“ არ წარმოადგენს მათ მიერ რეგულირებულ სუბიექტს. ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, დასახელებულ კომპანიას რეგისტრაცია გაუქმებული აქვს.
ეროვნულ ბანკში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობა მკაცრად რეგულირებადი სფეროა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ამ ტიპის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.
"ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს", - წერს ეროვნული ბანკი განცხადებაში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების სიაში გუშინ, 8 აგვისტოს შეიყვანა საქართველოში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ირანულ უკანონო კრიპტო-ქსელებთან არის დაკავშირებული.
კერძოდ, განცხადების თანახმად, სიავაშ ქეივანფური, რომელიც ირანში დაიბადა, დომინიკისა და ავღანეთის დამატებით მოქალაქეობას ფლობს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა, მართავს კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომელიც ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ უკანონო საქმიანობას უწყობს ხელს. ქეივანფური, საქართველოში დაფუძნებული თავისი კომპანიის, SHPS Shelbit-ის (Shelbit) მეშვეობით, მართავს Shelbit Exchange-ს (Shelbit Exchange).
BM.GE
წყარო: bm.ge