მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნული ბანკი VASP-ებისთვის კაპიტალისა და რისკების მართვის ახალ მოთხოვნებს აწესებს
ეროვნული ბანკი VASP-ებისთვის კაპიტალისა და რისკების მართვის ახალ მოთხოვნებს აწესებს

ეროვნული ბანკი VASP-ებისთვის კაპიტალისა და რისკების მართვის ახალ მოთხოვნებს აწესებს

BM.GE28 აგვისტო, 2026, 19:15|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეგულირების წესი განაახლა. ცვლილებები ითვალისწინებს მომსახურების პროვაიდერებისთვის რისკების მართვის ჩარჩოსა და მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურების შემთხვევაში დამატებით მოთხოვნებს. შესაბამისი ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 26 აგვისტოს გამოსცა.

ცვლილებები შედის 2023 წლის 13 ივნისის ბრძანებით დამტკიცებულ წესში, რომელიც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებასა და რეგულირებას განსაზღვრავს. განახლებული წესი ასევე მოიცავს პროვაიდერების რისკების მართვისა და კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

რა მომსახურებები ექვემდებარება რეგულირებას

განახლებული წესით დეტალურად არის განსაზღვრული ვირტუალური აქტივის მომსახურებები. მათ შორისაა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში ურთიერთგადაცვლა, გადაცემა, შენახვა და ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება, სესხად გაცემა, პირველადი შეთავაზება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები. ასევე შესაბამისი აქტივების თვითმომსახურების კიოსკების ოპერირების წესებიც.

სტაბილური ვირტუალური აქტივის შეთავაზებისთვის დამატებითი მოთხოვნები

თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურებას გეგმავს, მას რეგისტრაციისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევს.

მოთხოვნებში შედის კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, საზედამხედველო კაპიტალთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი, აუდიტორული დასკვნა და შეთავაზების დოკუმენტი.

ახალი მოთხოვნები რისკების მართვაზე

ბრძანებით ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის ცალკე განისაზღვრა რისკების მართვის ჩარჩო. პროვაიდერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას, შეფასებას, მონიტორინგს, ანგარიშგებას, კონტროლსა და შემცირებას უზრუნველყოფს.

ჩარჩო უნდა მოიცავდეს, მათ შორის, საოპერაციო რისკების შეფასებასა და კონტროლს, კიბერუსაფრთხოების რისკების მართვას, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრადობას, თაღლითობისა და არამართლზომიერი გამოყენების რისკების მართვას და მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი რისკების იდენტიფიცირებასა და კონტროლს.

პროვაიდერებმა რისკების მართვის ჩარჩოს ყველა ვერსიის ჩანაწერები მინიმუმ 8 წლის განმავლობაში უნდა შეინახონ ვირტუალური აქტივის მომსახურების შეწყვეტის თარიღიდან. მოთხოვნები ასევე მოიცავს ბიზნესუწყვეტობის მართვას, შიდა კონტროლს, აუთსორსინგთან დაკავშირებული რისკების მართვასა და საოპერაციო რისკების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების პროცედურებს.

კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური სისტემების მოთხოვნები

ახალი წესით პროვაიდერებს ევალებათ პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური საშუალებების საიმედო და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მონაცემების დაცვა არასანქცირებული წვდომისგან და პროგრამულ სისტემებში არასანქცირებული ცვლილებებისგან დაცვის მექანიზმების დანერგვა.

ასევე მოთხოვნილია პროგრამული უზრუნველყოფის სარეზერვო ასლების სისტემატური შექმნა და შენახვა, მონაცემთა ნამდვილობისა და უცვლელობის დაცვა და თანამშრომლებისთვის შესაბამისი ცოდნისა და სამოქმედო სახელმძღვანელოს უზრუნველყოფა.

პროვაიდერის საოპერაციო პროგრამამ რეალურ დროში ჩანაწერების წარმოება და მათი რეესტრის შენახვა, ინციდენტების აღრიცხვა, სხვადასხვა მოდულიდან ინფორმაციის ცენტრალიზებულად შენახვა და ეროვნული ბანკისთვის საჭირო ანგარიშგებების მოკლე ვადაში გენერირება უნდა უზრუნველყოს.

ბიზნესუწყვეტობის გეგმა ასევე უნდა მოიცავდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმას. მისი ტესტირება წესით მიზანშეწონილია რეგულარულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ განხორციელდეს.

გარდა ამისა, პროვაიდერებს ევალებათ შეღწევადობის ტესტირების გეგმის შემუშავება. კრიტიკულ და მასთან დაკავშირებულ საინფორმაციო სისტემებზე ასეთი ტესტირება ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს, ხოლო სხვა სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე — რისკზე დაფუძნებული მიდგომით, თუმცა მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ. სისუსტეების სკანირება კი წელიწადში სულ მცირე ორჯერ უნდა განხორციელდეს.

რეგისტრაციიდან 12 თვის განმავლობაში პროვაიდერს უნდა ჰქონდეს რისკების მართვის ჩარჩო და შესაბამისობის დამადასტურებელი კვალიფიციური, დამოუკიდებელი და უახლესი აუდიტორული დასკვნა. თუ დოკუმენტაციაში ან შეღწევადობის ტესტირების ანგარიშში კრიტიკული ან მაღალი რისკის შემცველი სისუსტე დაფიქსირდება, ეროვნულ ბანკს რეგისტრაციის ან შესაბამის მომსახურებაზე გაცემული თანხმობის გაუქმების უფლებამოსილება ექნება.

მინიმალური კაპიტალი 150 000-დან 350 000 ლარამდე განისაზღვრება

ბრძანებით ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობებიც განისაზღვრა.

კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის ან გადაცემის მომსახურების შემთხვევაში მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 150 000 ლარი უნდა იყოს.

სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების შემთხვევაში ეს მოთხოვნა 350 000 ლარს შეადგენს.

სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების შემთხვევაში, გარდა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურებისა, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 250 000 ლარია. თუ პროვაიდერი ერთზე მეტ მომსახურებას ახორციელებს, მისთვის მოქმედ კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნად ყველაზე მაღალი შესაბამისი ზღვარი ითვლება.

მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის სულ მცირე 75% პირველადი კაპიტალის ელემენტები უნდა იყოს. მეორადი კაპიტალის ელემენტები კი პირველადი კაპიტალის ელემენტების ერთ მესამედზე მეტი არ უნდა იყოს.

წესში ასევე გაწერილია, რა შეიძლება ჩაითვალოს პირველადი და მეორადი კაპიტალის ნაწილად და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი კაპიტალის ინსტრუმენტები. მაგალითად, მეორად კაპიტალში ჩასართავი სუბორდინირებული ვალის თავდაპირველი ვადიანობა მინიმუმ 5 წელი უნდა იყოს.

ახალი კაპიტალის ინსტრუმენტის, კონვერტირებადი ან სუბორდინირებული ვალის მინიმალურ საზედამხედველო კაპიტალში ჩართვამდე პროვაიდერმა ეროვნული ბანკის თანხმობა უნდა მიიღოს.

კაპიტალის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში რა ხდება

თუ პროვაიდერი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნას დაარღვევს, ამის შესახებ ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და 5 სამუშაო დღის ვადაში კაპიტალის შევსების გეგმა წარადგინოს. კონკრეტულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს ამ ვადის გახანგრძლივება შეუძლია.

თუ პროვაიდერი გეგმას არ წარადგენს ან ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გეგმა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მარეგულირებელს შეუძლია კომპანიას კაპიტალის შევსება მოსთხოვოს, მათ შორის, წესით განსაზღვრულ მინიმუმზე მეტი ოდენობით, და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, მათ შორის ფულადი ჯარიმა.

კაპიტალის მოთხოვნების დარღვევის პერიოდში პროვაიდერს ასევე ეკრძალება კაპიტალის განაწილება, კაპიტალის ინსტრუმენტებზე გადახდების განხორციელება და ცვალებადი ანაზღაურების, მათ შორის ბონუსების, გადახდის ვალდებულების შექმნა.

მოქმედ პროვაიდერებს გარდამავალი ვადები აქვთ

ახალი მოთხოვნები ეტაპობრივად გავრცელდება უკვე რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზეც.

მათ რისკების მართვის ჩარჩოს მოთხოვნებთან შესაბამისობა 2027 წლის 1 ივლისამდე, ხოლო მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან შესაბამისობა 2027 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ.

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა არაუგვიანეს 2028 წლის 1 იანვრისა უნდა უზრუნველყოს უკვე რეგისტრირებული პროვაიდერების რეგისტრაციის შესახებ სამართლებრივი აქტების განახლება და შესაბამისი რეესტრის განახლება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს

BM.GE

სომხეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს განიხილავს

სომხეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს განიხილავს

BM.GE

ბაღდათში სტიქიის გამო გაზი 1300, ხოლო ელექტროენერგია - 700 აბონენტს არ მიეწოდება | მერია

ბაღდათში სტიქიის გამო გაზი 1300, ხოლო ელექტროენერგია - 700 აბონენტს არ მიეწოდება | მერია

BM.GE

ნორვეგიას ახალი მეფე ჰყავს

ნორვეგიას ახალი მეფე ჰყავს

BM.GE