
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის მცველის პოზიციაზე 401 ახალი თანამშრომელი აიყვანა | გიორგი მიქელაძე
ეროვნულ სატყეო სააგენტოს 401 ახალი თანამშრომელიც დაემატა - ამის შესახებ სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ განაცხადა. მის კომენტარს უწყება ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტომ სისტემაში 401 ტყის მცველის პოზიციაზე ვაკანსია აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადა. კანდიდატთა შერჩევა ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სატყეო სამსახურებში მიმდინარეობდა. დღეს გავრცელებული რელიზიდან კი ირკვევა, რომ ტყის რეფორმის ფარგლებში, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ახალი კადრების მიღება ტყის დაცვის მიზნით მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისთვის მოხდა.
"ტყის დაცვის მიზნით მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმები გაძლიერდა. სატყეო რეფორმის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სააგენტოს 401 ახალი თანამშრომელიც დაემატა, რომლებიც სამცველოებში ტყის დაცვასა და კონტროლზე არიან პასუხისმგებელი. ტყის მცველის პოზიციაზე კონკურსით შერჩეული კანდიდატების ეტაპობრივი დანიშვნა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყო.
გაძლიერებული მონიტორინგი და კონტროლი ხელს უწყობს ხე-ტყის უკანონო მოპოვების როგორც პრევენციას, ისე ასეთი ფაქტების გამოვლენას. ტყის რესურსების დაცვის მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge