მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერთი ლოკომოტივი $8 მილიონად - რკინიგზა 45 ელმავლის შეძენაზე $350 მილიონს დახარჯავს
ერთი ლოკომოტივი $8 მილიონად - რკინიგზა 45 ელმავლის შეძენაზე $350 მილიონს დახარჯავს

ერთი ლოკომოტივი $8 მილიონად - რკინიგზა 45 ელმავლის შეძენაზე $350 მილიონს დახარჯავს

BM.GE8 ივნისი, 2026, 16:53|bm.ge

საქართველოს რკინიგზა 45 ახალი ლოკომოტივის შესყიდვას გეგმავს, რომელთა საერთო ღირებულება 350 მილიონ დოლარს აღწევს - ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც საქართველოსთვის დამტკიცებული საკრედიტო დაფინანსების აღწერას მოიცავს. პროექტს მსოფლიო ბანკთან ერთად აფინანსებენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი. პროექტის ჯამური ღირებულებაა 751 მილიონი დოლარი, საიდანაც 387 მილიონი დოლარი უშუალოდ საქართველოს რკინიგზისკენ, 336 მილიონი დოლარი კი საგზაო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება.

სარკინიგზო მიმართულებით გამოყოფილი თანხის - 387 მილიონი დოლარის უდიდესი ნაწილი, 350 მილიონი დოლარი სწორედ ახალი ლოკომოტივების შესყიდვას მოხმარდება. პროექტის თანახმად, საქართველოს რკინიგზა იყიდის 45 ახალ ლოკომოტივს, შესაბამისად ერთი ერთეულის შესყიდვის სავარაუდო ფასი 7.78 მილიონ დოლარს, ანუ მიმდინარე გაცვლითი კურსით 20.7 მილიონ ლარს მიაღწევს.

ლოკომოტივების შესყიდვას მსოფლიო ბანკი 175 მილიონი დოლარით, აზიის განვითარების ბანკი კი ასევე 175 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ამჟამად საქართველოს რკინიგზის ლოკომოტივების პარკი 99 ლოკომოტივისგან შედგება, საიდანაც 91 ექსპლოატაციაში იმყოფება. მათ შორის 66 არის ელმავალი, 25 კი დიზელის საწვავზე მუშაობს. აქტიური 91 ლოკომოტივიდან 78 ერთეული 35 წელზე მეტი ხანი იმყოფება ექსპლოატაციაში. ამასთან, მოძველებულ ლოკომოტივებს არ აქვთ საკმარისი სიმძლავრე, რათა ეფექტიანად მოემსახურონ მძიმე სატვირთო შემადგენლობებს.

მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი ინდიკატორების თანახმად, ახალი ელექტრო ლოკომოტივების შესყიდვით საქართველოს რკინიგზაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ოპერაციული გაუმჯობესება, მათ შორის ტექ. მომსახურების დროის შემცირება დაახლოებით 84%-ით და ლოკომოტივების ხელმისაწვდომობის ზრდა. ასევე პროგნოზირებულია, რომ სატვირთო მატარებლების ტვირთამწეობა გაიზრდება საშუალოდ დაახლოებით 2,100 ტონიდან 3,000 ტონამდე, ხოლო საქართველოს რკინიგზის ძირითად მარშრუტზე გადაადგილების დრო 36-დან დაახლოებით 30 საათამდე შემცირდება.

მსოფლიო ბანკის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ, პროექტზე აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ სესხის დამტკიცებაა საჭირო, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზას საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება შეეძლება.

გარდა ლოკომოტივების შესყიდვისა, $387-მილიონიანი დაფინანსებიდან 10 მილიონი დოლარი მიიმართება საქართველოს რკინიგზის მაღალი ძაბვის ქვესადგურების მოდერნიზებაზე და ახალი ქვესადგურების მშენებლობაზე, რათა ახალი ლოკომოტივების სტაბილური ენერგომომარაგება იყოს გარანტირებული.

გარდა ტექნიკური კომპონენტებისა, პროექტი მოიცავს საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციურ გაძლიერებასაც, რისთვისაც გათვალისწინებულია დაახლოებით 27.23 მილიონი აშშ დოლარი. ამ მიმართულებით დაგეგმილია თანამშრომელთა გადამზადება, ბიზნესგეგმების და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება, ERP სისტემის განახლება და ESG ანგარიშგების გაუმჯობესება.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე არის დაახლოებით 65 კილომეტრი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია, რაც მიზნად ისახავს სიჩქარის შეზღუდვების შემცირებას და ქსელის გამტარუნარიანობის ზრდას.

ლოკომოტივების საერთაშორისო ტენდერი:

მსოფლიო ბანკის ეგიდით, რეგიონში ლოკომოტივების შესყიდვის უკანასკნელი ტენდერი უკრაინაში ჩატარდა, სადაც 2025 წლის ნოემბერში გამარჯვებულად ფრანგული კომპანია Alstom-ი გამოვლინდა, რომელიც 470 მილიონ ევროდ უკრაინის რკინიგზას 55 ახალ ელმავალს მიაწვდის. შესაბამისად, აღნიშნული ტენდერის ფასი ერთ ლოკომოტივზე 8.5 მილიონ ევროს (9.8 მილიონ დოლარს) შეადგენდა.

როგორც ცნობილია Alstom-თან მოლაპარაკებები აქვს საქართველოს რკინიგზას და ეკონომიკის სამინისტროს, რადგან 2025 წლის დეკემბერში რკინიგზის დირექტორი ლაშა აბაშიძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი Alstom-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდნენ.

ლოკომოტივების წინა ტენდერი - რომელშიც რუსულმა კომპანიამ გაიმარჯვა

საქართველოს რკინიგზამ ლოკომოტივების შესყიდვის წინა ტენდერი 184 მილიონი ლარის (80 მლნ დოლარის) ოდენობით 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ტენდერით 10 ლოკომოტივის შესყიდვა იგეგმებოდა. შესყიდვაში გამარჯვებულად 2023 წლის დეკემბერში რუსული კომპანია Уральские локомотивы გამოვლინდა, აღნიშნული კომპანიის 50-50%-ის მფლობელები რუსული Sinara Holding-ი და გერმანული Siemens-ი იყვნენ. Sinara Holding-ი და აღნიშნული კომპანია 2024 წლის ივლისში აშშ-მა დაასანქცირა, 2024 წლის აგვისტოში კი საქართველოს რკინიგზამ აღნიშნული ხელშეკრულება შეწყვიტა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობა ₾63 მილიონით გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიას ქმნის - კანონპროექტი

მთავრობა ₾63 მილიონით გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიას ქმნის - კანონპროექტი

BM.GE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი საკონკურსო კომისია უქმდება - ცვლილებები რეგლამენტში

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი საკონკურსო კომისია უქმდება - ცვლილებები რეგლამენტში

BM.GE

საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა

საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა

BM.GE

რამ გამოიწვია ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა?

რამ გამოიწვია ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა?

BM.GE