
ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას - გივი მიქანაძე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის სტანდარტის უზრუნველყოფა. მან საკითხზე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.
მინისტრის თქმით, სახელმძღვანელოები არ შეიქმნება დახურულ რეჟიმში.
"დღეს, როდესაც ერთი და იმავე საგანში, ერთი და იმავე საფეხურზე ჩვენ გვაქვს 4-5 სახელმძღვანელო, ამ რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში რამდენიმე წელიწადში, ყველა საფეხურზე, ერთი და იმავე დისციპლინაში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო გვექნება.
ჩვენი ხედვით, სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, აკადემიურად გამართულ და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამის სასწავლო რესურსზე.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან გვხვდება ისეთი ავტორები, რომელთა მასალებიც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაღებია, ერთეული კარგი წიგნების ან ცალკეული გამართული თავების თუ საკითხების არსებობა სისტემურ გარდატეხას ვერ ახდენს. სწორედ ამიტომ, გადაწყდა ისეთი საბაზო რესურსის შექმნა, რომელიც აკადემიური, მეთოდოლოგიური და დარგობრივი სტანდარტების ერთიან მინიმუმს დააკმაყოფილებდა.
პროცესის დაწყებამდე განხორციელდა არსებული სახელმძღვანელოების შესწავლა, გამოიკვეთა მაღალი რეიტინგის მქონე ავტორები, განხორციელდა მათი პროფესიული გამოცდილების, საგნობრივი კომპეტენციის, პრაქტიკული პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინება, დაიდენტიფიცირდა მასწავლებელთა მოთხოვნები და მოსწავლეთა საჭიროებები და დაიწყო სამუშაო ჯგუფების ფორმირება. ეს პროცესი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა დარგობრივი ასოციაციების, უნივერსიტეტების, ფსიქოლოგების, პრაქტიკოსი მასწავლებლების ჩართულობით. სხვადასხვა დარგის პროფესიონალთან გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, სანამ არ ჩამოყალიბდა სახელმძღვანელოზე მომუშავე პირთა ჯგუფები, რომლებმაც შემოგვთავაზეს სახელმძღვანელოს ხედვა და კონცეფცია.
გარდა საგნობრივი თუ მეთოდოლოგიური ცოდნისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოები არ შეიქმნება დახურულ რეჟიმში. ყველა ის სახელმძღვანელო, რომელიც 15 სექტემბრიდან შევა სკოლაში, გაივლის პილოტირების ეტაპს უშუალოდ სასწავლო პროცესში და ეს პილოტირება იქნება ყველა სკოლაში ერთდროულად განხორციელებული. ფაქტობრივად მთელი შემდეგი აკადემიური წლის მანძილზე, მასწავლებლები და მშობლები თავად იქნებიან ჩართული სახელმძღვანელოების შეფასებაში, დახვეწაში და უკუკავშირის პროცესში.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპით შესაძლოა მრავალფეროვნება იზღუდებოდეს - მოსწავლე კონკრეტულ საგანში, კონკრეტულ კლასში ამ დრომდეც ერთი სახელმძღვანელოთი სწავლობს, მასწავლებელს კი ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა უფლება აქვს დამატებით რესურსად გამოიყენოს მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მასალა. მასწავლებელს აქვს სრული აკადემიური თავისუფლება. ამ მიმართულებით, მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე ციფრული პლატფორმის განვითარება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ ისტორიის გადაწერის შესახებ არსებულ მოსაზრებებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პროცესის სრული ღიაობის ხაზგასმა. როგორც უკვე აღვნიშნე, სახელმძღვანელოების შემუშავებაში უშუალოდ მონაწილეობენ სკოლის მოქმედი მასწავლებლები, სხვადასხვა გამოცდილების მქონე სპეციალისტები, სამეცნიერო რეცენზენტები და სფეროს პროფესიონალები. სახელმძღვანელოს შინაარსი ეფუძნება აკადემიურ სტანდარტებს.
ჩვენი მიზანია ისეთი რესურსის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს ფაქტების ანალიზის, ისტორიული პროცესების გააზრების და კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ასეთი ღიაობის, მრავალმხრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პირობებში, ვფიქრობ, თქვენი შიშები და ვარაუდები საფუძველს მოკლებულია. ჩვენი მიზანია არა რომელიმე ინტერპრეტაციის თავს მოხვევა, არამედ ხარისხიანი, აკადემიურად გამართული და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისა და ფართო ხედვის განვითარებაში დაეხმარება", - ამბობს მინისტრი.
BM.GE
წყარო: bm.ge