მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეს არის კოორდინირებული სტრატეგია, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა"|ინტერვიუ ყოფილ ელჩთან
"ეს არის კოორდინირებული სტრატეგია, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა"|ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

"ეს არის კოორდინირებული სტრატეგია, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა"|ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

BM.GE25 მაისი, 2026, 23:57|bm.ge

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის აზრით, ხელისუფლების აქტივობები წარმოადგენს კოორდინირებულ სტრატეგიას, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა. ასე აფასებს ყოფილი ელჩი და „ქართული ოცნების“ მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ექს-წევრი მმართველი პარტიის მხრიდან ევროკავშირსა და ევროპელ დიპლომატებზე თავდასხმის მორიგ კამპანიას. „ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესის უვადოდ გადავადებას“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ რადგან ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 75% უჭერს მხარს, ხელისუფლება ამის პირდაპირ თქმას ვერ ბედავს. ამასთან, ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, პროგრესი არ უწერია“.

ინტერვიუ ელგუჯა ხოკრიშვილთან

- „თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში საერთოდ“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ... ხომ არ დაიწყო ხელისუფლებამ საზოგადოების გარკვეულწილად შემზადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე საბოლოო უარის თქმისთვის?

- დიახ, დაიწყო... ფაქტობრივად, სწორედ ამ პროცესის მოწმეები ვართ. თუ ამ განცხადებებს დინამიკაში დავინახავთ, მათ უკან დგას ნარატივი, რომ ევროკავშირი ცუდია და ასეთ ევროკავშირში არ გვინდა. ანუ ირიბად კეთდება განაცხადი იმის შესახებ, რომ მიუხედავად მოსახლეობის 75%-იანი მხარდაჭერისა და კონსტიტუციური ვალდებულებისა, რომელიც ყველა სახელმწიფო უწყებას ევროინტეგრაციისთვის მაქსიმუმის გაკეთებას ავალდებულებს, ეს გზავნილები მაინც ვრცელდება, რადგან პირდაპირ ვერ ბედავენ თქმას, რომ ევროინტეგრაცია არ სურთ (იმავე 75%-იანი მხარდაჭერის გამო). ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ამ პროცესის უვადოდ გადავადებას ნიშნავს.

- რამდენად დიდია რისკი, რომ „ოცნებამ“ გაბედოს და ეს პირდაპირ თქვას?

- ვფიქრობ, ეს პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება, თუმცა ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ მხარდაჭერის ნიველირება და შემცირებაა. სურთ, მაქსიმალურად ბევრი, არასწორად ინფორმირებული საქართველოს მოქალაქის იდენტიფიცირება მოახდინონ თავის მხარდამჭერებად – მათ პოზიციონირებად, ვინც იტყვის, რომ „დიახ, ასეთ ევროკავშირში, სადაც საშინელებები ხდება, „დიპ სტეიტია“ და ა.შ., ჩვენ ყოფნა არ გვინდა“, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ კავშირს ევროპულ ფასეულობებთან და ევროპულ ოჯახთან, გამოვრიცხავ ყოველგვარ, თუნდაც თეორიულ შესაძლებლობას, რომ მათ ოფიციალურად გამოაცხადონ ევროინტეგრაციის შეჩერება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფონზე ეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციური გადატრიალების ტოლფასი იქნება. ამის ოფიციალურად გასაკეთებლად ჯერ საქართველოს კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და ეს ნაბიჯი მხოლოდ ამის შემდეგ გადაიდგას.

- თუმცა ვერც წინ მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე...

- დიახ, და ეს არის ყველაზე დიდი რისკი ქვეყნისთვის – როგორც უსაფრთხოების, ისე საგარეო მიმართულებით, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. ეს იზოლაცია ქვეყანას ამ რისკების წინაშე ყველაზე მოწყვლადს ხდის. ფაქტობრივად, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ევროინტეგრაციის გზაზე მოწინავე ქვეყანა ვიყავით, დღეს ვრჩებით ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელიც ასეთი მიზანმიმართული ანტიევროპული განცხადებებითა და ქმედებებით გამოირჩევა. რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც კი იყო, რომ საქართველო ამ ნიშნულამდე მივიდოდა და ამ რეგიონში და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღმოცენების პროცესში, ფაქტობრივად, ავტორიტარული კავშირის – ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ბლოკის – განგრძობად ხელად მოგვევლინებოდა.

- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, ხშირად უსვამენ ხაზს დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის როლს... მაგალითად, ირაკლი კობახიძე ხშირად იმეორებს, რომ საქართველო ევროპასთან შვიდ ქვეყანას აკავშირებს და ა.შ. ხომ არ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციით შეძლებს ევროპასთან (და მათ შორის ამერიკასთანაც) ურთიერთობების გადატვირთვას?

- ამ [მცდელობას] რეალური შედეგი არ ექნება და გეტყვით, რატომაც - მათი ერთ-ერთი მცდელობა სწორედ ის არის, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ერთმანეთზე გადაჯაჭვული საერთაშორისო მოვლენები გამოიყენონ – იქნება ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ტრანსატლანტიკური პოლიტიკა, უკრაინის ომი თუ სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც გარკვეული ეკონომიკური კრიზისის ნიშნები გამოიწვია... ამ მოვლენების ფონზე ისინი მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივებას ცდილობენ, თუმცა ის მოლოდინი, რომ ამ დაკავშირებადობითა და ენერგოუსაფრთხოებით ევროკავშირთან რაიმე გარიგებაზე დაფუძნებული პოლიტიკა ან შეთანხმება აწარმოონ, გამორიცხულია. ამაზე შესაბამისი ოფიციალური პასუხი უკვე გაცემულია...

- საინტერესო იყო, ამ თემაზე გერმანიის ელჩის კომენტარი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამ თემაზე – „მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ“ - თქვა გერმანელმა დიპლომატმა...

- დიახ, და რას ნიშნავს „ზედმეტად ნუ გავაზვიადებთ“?! ამ რეგიონს ჩემ მიერ ჩამოთვლილი მოვლენების ფონზე გეოპოლიტიკური წონა მართლაც მოემატა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დაკავშირებადობა შუა აზიის ქვეყნებიდან შავ ზღვაზე გასასვლელს გულისხმობს, მაგრამ რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები და სამშვიდობო ხელშეკრულების დინამიკა შეინიშნება, ასევე აქტუალურია „ტრამპის სავაჭრო დერეფანიც“... ნახეთ, უკვე კეთდება განაცხადები, რომ ძალიან მალე სომხეთის გავლით თურქეთთან სავაჭრო ტვირთბრუნვა აღდგება და ეს ყველაფერი, ფარდობითად, საქართველოს გეოპოლიტიკური წონის ნიველირებას ახდენს. ამას ემატება ისიც, რომ თავად აზერბაიჯანი და თურქეთი ამ ტანდემში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ახალ გეოპოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ. აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის ეს დაკავშირებადობა, ენერგოუსაფრთხოება და ყველა ეს პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. აქედან გამომდინარე, მათ იმდენად დიდი გავლენა აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილს სავაჭროდ აღარაფერი რჩება... მას აღარ აქვს რესურსი, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით ვინმესთან ივაჭროს – გნებავთ ევროკავშირთან და გნებავთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რეგიონში ეს ტანდემი უკვე ჩამოყალიბდა წამყვან ძალად, რუსეთი კი, აქ საკუთარი ძალის პროეცირებას ძველებურად ვეღარ ახდენს. ერთადერთი ფუნქცია, რის აღებასაც „ქართული ოცნება“ ამ მოცემულობაში ცდილობს, არის ის, რომ რუსეთის პროქსი ძალად ჩამოყალიბდეს. ამით სურთ ძალაუფლების შენარჩუნება და გახანგრძლივება მანამ, სანამ ქართველი ხალხი მათ ანგარიშვალდებულებას არ მოსთხოვს.

- ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევრებისგან ხშირად გვესმის, რომ თუ ქვეყანა გაფართოების ამ ტალღაში ვერ მოხვდა, მომდევნო ტალღა შეიძლება საერთოდ აღარც იყოს. რამდენად იზიარებთ ამ მოლოდინს?

- რისკები რეალურია, რადგან გაურკვევლობა დიდია. მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რისკი დიდია: თუ გაფართოების ამ ტალღას ჩამოვრჩით, კაცმა არ იცის, მომდევნო როდის იქნება. თუ ამ შესაძლებლობის ფანჯარას არ გამოვიყენებთ, მერე რა მოხდება, რთული სათქმელია, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე არანაირი პროგრესი არ უწერია. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ დღეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლება - ასე შეგვიძლია ეს შევაფასოთ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მიზანმიმართულად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, რაც კი ნაბიჯები გადადგეს, ყველა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუნდაც ახლა რასაც აკეთებენ, ეს ხომ საკუთარი მოსახლეობის დაცინვაა?! აქვთ რაღაც ინიციატივები, თითქოს პოლარიზაცია უნდა შეამცირონ, თუმცა თავად იყენებენ ფეიკის ენას. ამ პოლარიზაციის მთავარი წყარო ხომ თავად „ოცნებაა“?! პოლარიზაცია მათთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ლეგიტიმაციის არქონის პირობებში ხელისუფლება გაიხანგრძლივონ. სურთ საზოგადოების დაყოფა: შექმნან ხატი, რომ არსებობენ „შიდა მტრები“ (სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია თუ დამოუკიდებელი მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი აზრი გააჩნიათ და რომლებსაც ქვეყნის მოღალატეებად ნათლავენ) და „გარე მტრები“ (დიპ სტეიტი და ა.შ.), რომლებიც თითქოს ერთად მოქმედებენ. მოსახლეობაში დაკარგული ლეგიტიმაციის რაღაცნაირად მოსაპოვებლად მათ სჭირდებათ ამ ნარატივის შექმნა, სადაც საკუთარ თავს ევროკავშირზე უკეთეს დემოკრატებად წარმოაჩენენ...

- საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერზე ამბობენ, რომ ის საერთოდ არ არის ევროპელიო.. როგორც ყოფილ ელჩს, როგორ გგონიათ, რატომ არის განსაკუთრებული სამიზნე გერმანიის ელჩი?

- მე ჩემი პირადი მოსაზრება მაქვს. პიტერ ფიშერი არის კარიერული და საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი. თუ გადავხედავთ გერმანიის ელჩებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გვყავდა, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია. აქედან გამომდინარე, ყოველი ნაბიჯი, რომელიც პიტერ ფიშერმა ამ ბოლო წლებში გადადგა - იქნება ეს დემოკრატიის მხარდაჭერა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, თუ შეფასებები მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების დაცვაზე - კეთდებოდა ისეთი მაღალი პროფესიონალიზმით, რომ „ოცნებამ“ საგნობრივი კრიტიკისთვის ვერანაირი მიზეზი ვერ იპოვა. ეს ხომ ცნობილი ფორმულაა: როდესაც არგუმენტები არ გაქვს და საგნობრივად პასუხის გაცემა არ შეგიძლია, გადადიხარ პირად შეურაცხყოფაზე.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას სტაგნაციას. წერტილი უნდა დაესვას იმ რეალობას, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად კიდევ გვიწევდეს ქუჩაში გასვლა. ეს ენერგია ყველამ ერთად ქვეყნის განვითარებას, მოდერნიზაციასა და ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას უნდა მოვახმაროთ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს" - "კოჭბაანის სახლი"

"საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს" - "კოჭბაანის სახლი"

BM.GE

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ხელფასი გაანახევრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ხელფასი გაანახევრა

BM.GE

ამერიკული კონსორციუმი “ნაპოლის” 2 მილიარდ ევროდ შეძენას განიხილავს

ამერიკული კონსორციუმი “ნაპოლის” 2 მილიარდ ევროდ შეძენას განიხილავს

BM.GE

25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები 2026 წელს

25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები 2026 წელს

BM.GE