
ეს ე.წ. ინფორმაციები გამოიყენება ხელოვნური ანტიპიარისთვის - ლილუაშვილის ადვოკატი
"ეს ე.წ. ინფორმაციები გამოიყენება ხელოვნური ანტიპიარისთვის" - ასე პასუხობს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე bm.ge-სთან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გრიგოლ ლილუაშვილი და მამუკა მერკვილაძე არიან რკინიგზის კორუფციული სკანდალის უკან.
""ეს ე.წ. ინფორმაციები გამოიყენება ხელოვნური ანტიპიარისთვის. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ რკინიგზასთან დაკავშირებით ბატონ გრიგოლთან შეკითხვები არ ყოფილა. ამ თემაზე არასოდეს დავკითხულვართ. არ მესმის, როგორ შეიძლება იყოს კომპრომატი ან მტიკიცებულება, რომ ვინმე ვინმეს იცნობს".
საქმე ის არის, რომ კორუფციულ საქმეზე ბრალდებული „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის საქმესთან დაკავშირებით დამატებით გარემოებებზე გამოცემა „პრაიმტაიმი“ და სხვა მედიასაშუალებები წერენ. გამოცემის ინფორმაციით, ფერაძესთან წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილსა და ბიზნესმენ მამუკა მერკვილაძეს. „პრაიმტაიმის“ ცნობით, ლილუაშვილი და ფერაძე 2018 წელს მერკვილაძის მეჯვარეები იყვნენ და მისი შვილის ნათლიებიც არიან, ხოლო მერკვილაძესა და ფერაძეს ბავშვობის მეგობრობა აკავშირებთ.
საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძესა და კიდევ 7 პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. უწყება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) და დოკუმენტების გაყალბების ორგანიზების ფაქტებზე აწარმოებს დავას, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების მიხედვით, საქმეში ფიგურირებს დანაშაულის ორი ძირითადი ეპიზოდი:
გამოძიების ვერსიით, 2019 წლის შემოდგომაზე, დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. სქემის მიხედვით, ჯგუფს უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ლითონის ჯართის შეგროვება, ტრანსპორტირება და დახარისხება ისე, რომ მისი საწყისი ზუსტი ოდენობა ვერ დადგენილიყო.
BM.GE
წყარო: bm.ge