
რეზერვების რეკორდულ მაჩვენებელზე ვართ. ეს ზრდის ქვეყნის მდგრადობას გამოწვევებთან მიმართებით - ალექსანდრე ძნელაძე
"საქართველოს საბანკო ასოციაცია" პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ქვეყნის რეზერვებში ოქროს არსებობა არა მხოლოდ დივერსიფიკაციის კუთხით, არამედ ოქროს ფასის ზრდის მოლოდინების გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანია. მან საკითხზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
"სავალუტო რეზერვების ზრდა ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რის წინაშეც დგას მსოფლიო და ჩვენი რეგიონი განსაკუთრებით. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა შეფასებაში, ყველა ანალიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილური და მზარდი არის და ამ თვალსაზრისით ეს შეფასებები მუდმივად დადებითია და უმჯობესდება, ეს ზუსტად იმაზე არის დამოკიდებული, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება ხდება საქართველოში და არ ხდება უგულებელყოფა იმ გამოწვევების, რა გამოწვევების წინაშეც ვართ. რეზერვების რეკორდულ მაჩვენებელზე ვართ დღეის მდგომარეობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდის ქვეყნის მდგრადობას გამოწვევებთან მიმართებით. უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ყველა ფაქტი იწვევდა გადაადგილების მარშრუტების ცვლილებას, ჩაკეტვებიც კი აისახებოდა ხოლმე ტრანსპორტირებაზე და სხვა მიმართულებებზეც. აქედან გამომდინარე, რამდენად შეუძლია ქვეყანას ავტონომიურად გაუმკლავდეს ამ თუ იმ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვანი ყურადღება იყო მისაქცევი და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. დივერსიფიკაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ოქროსთან მიმართებით, მოდით რეალურად ვთქვათ, მოლოდინები, რომ ოქროს ღირებულება გაიზრდება უახლოეს მომავალში, არის. ანუ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ამ კუთხითაც არის",- განაცხადა ძნელაძემ.
10 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროს შესყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება. შესყიდვა ივნისის პირველ დღეებში განხორციელდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესყიდული ზოდები 999.9 სინჯის არის. სებ-ის მიერ შესყიდული ოქრო 745 კილოგრამს შეადგენს. სებ-მა მონეტარული ოქრო პირველად 2024 წლის გაზაფხულზე შეიძინა 229,478 უნციის, ანუ 7.13 ტონის მოცულობით. მისი ჯამური ფასი თავდაპირველად 500 მლნ დოლარი იყო, თუმცა უკვე 2026 წლის მაისის მდგომარეობით, აღნიშნული ოქროს ფასი 1.04 მილიარდ დოლარს შეადგენს. დამატებით შესყიდული ოქროს მოცულობიდან გამომდინარე, ჯამურად სებ-ის ოქროს რეზერვებმა 7.88 ტონას მიაღწია და მთლიანობაში, ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 15.5% მოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ 27 მაისს პარლამენტში განაცხადა, რომ სები ოქროს ზრდას განიხილავდა მთლიან რეზერვებში 25%-მდე წილით. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა შესყიდული 100 მილიონი დოლარის ოქროს გარდა, მარეგულირებელი კიდევ განიხილავს შესყიდვებს.
BM.GE
წყარო: bm.ge