
საწვავზე აქციზის შემცირებაზე საუბარი სპეკულაციაა, გადასახადები ისევ ხალხს ხმარდება - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ქვეყანაში პროდუქტებსა და საწვავზე ფასების მატებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვების პასუხად ამბობს, რომ ოქტომბერში, ოფიციალური მონაცემებით, ფასების ზრდა არ დაფიქსირებულა.
ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როდის შესრულდება პროდუქტების გაიაფების შესახებ შარშანდელი დაპირება იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა ფასების ზრდას ( მათ შორის სურსათსა და ხორცზე) ყოველდღიურად გრძნობს, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:
„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, რომელიც წარმოადგენს სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებთან დაკავშირებით. საწვავზე ცალკე საკითხია, როგორც მოგეხსენებათ, გამომდინარე იქიდან რომ გლობალურად არის გაზრდილი საწვავზე ფასები. რაც შეეხება სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს, შეგიძლიათ ნახოთ თებერვლიდან მოყოლებული როგორია მაჩვენებლები და მერე შეგვიძლია ვისაუბროთ.“
რეპორტიორის შენიშვნაზე, რომ საქსტატის მონაცემებითაც ბოლო მონაცემებით ფასები გაიზარდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
„ ტყუილია. იმიტომ რომ ზუსტად ნულოვანი მაჩვენებელია დაფიქსირებული.“
ცნობისთვის, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბერში 22%-ით გაძვირებული ტრანსპორტის ჯგუფი, 3%-ით სურსათი, 10%-ით კომუნალურები და 8%-ით ჯანდაცვა. თუმცა თვიურ ჭრილში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ნამდვილად ნულოვანი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ინფლაციის ზოგად მაჩვენებელს, ის კიდევ უფრო დაჩქარდა 5.9% შეადგინა, განსაკუთრებულ წნეხს ინფლაციაზე ტრანსპორტის ჯგუფი ქმნის, რასაც ფასების ზრდას თავის მხრივ მკვეთრად გაძვირებული საწვავი იწვევს. ინფლაციის ზრდას შედარებით ანელებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის დაწყება
მედიამ პრემიერს ასევე ჰკითხა საწვავის გაძვირებასა და მასზე საგადასახადო ტვირთის (აქციზის) შესაძლო შემცირებაზე.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საწვავის ფასის მატება გლობალური პროცესია, ხოლო აქციზის შემცირებაზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა, რადგან აღნიშნული გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში შედის და ისევ საზოგადოებას უბრუნდება.
„ საწვავს რაც შეეხება, გლობალურად არის პრობლემა. რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება ფასებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არა აქვს გადასახადს. თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში ისევ ხალხს ხმარდება, ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რაც კეთდება ხოლმე აქციზთან დაკავშირებით.“
BM.GE
წყარო: bm.ge