მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია აშშ-საქართველოს პარტნიორობის ისტორიაში" - ალან პერსელი ფოთის ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობაზე
"ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია აშშ-საქართველოს პარტნიორობის ისტორიაში" - ალან პერსელი ფოთის ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობაზე

"ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია აშშ-საქართველოს პარტნიორობის ისტორიაში" - ალან პერსელი ფოთის ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობაზე

BM.GE25 ივნისი, 2026, 15:10|bm.ge

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ამბობს, რომ შეერთებული შტატები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე, სანდო და საიმედო მხარდამჭერია. მან ამის შესახებ ფოთის პორტის ახალი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

დღეს ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, ნავსადგურის განვითარების პროექტის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მათ შორის ისაუბრა პროექტში განხორციელებულ ამერიკულ ინვესტიციაზე.

"დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მტკიცე ნებას, განახორციელოს ინვესტიციები მდგრად ინიციატივებში, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ბუნებრივი სატრანზიტო ჰაბის პოზიციას.

ქართველ სახელმწიფო მოღვაწეს, ნიკო ნიკოლაძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც 1907 წელს დასრულდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა, ჰქონდა მკაფიო სტრატეგიული ხედვა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ ვაჭრობასა თუ ტრანსპორტში მის როლზე. დღევანდელი ღონისძიება კი სწორედ ამ ხედვასა და ოცნებას ეხმიანება და ფოთის შესაძლებლობებს სრულიად ახალ დონეზე აიყვანს.

ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში, ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ ვმუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ისტორიები, რომლებსაც ყოველდღიურად ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებისგან, ჩვენი პარტნიორობის პოზიტიური გავლენის შესახებ. ამ თანამშრომლობამ, მაგალითად, საგრძნობლად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი საზღვრები, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და პორტების გაუმჯობესების კუთხით.

ასევე, სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ რეგიონისთვის. ისეთი ინიციატივები, როგორიც არის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი, ამას შეუძლია კიდევ უფრო განამტკიცოს რეგიონალური კავშირები. ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრით, საქონლისა და მომსახურების ეფექტური გადაადგილების ხელშეწყობით ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა და ამავდროულად განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა.

ჩვენ ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს კერძო სექტორის მიერ წარმართულ ინიციატივებს, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებისთვის გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებს ქმნიან. მაგალითად, გასულ წელს, ჩვენ ვმასპინძლობდით ამერიკული კომპანიების სავაჭრო მისიას, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში, ენერგეტიკის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის შესაძლებლობების განხილვას ისახავდა მიზნად.

ამერიკის მთავრობამ ასეთი ინიციატივების მხარდასაჭერად საკუთარი ფინანსური რესურსები მიმართა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მეშვეობით შუა დერეფანში განხორციელებული ამერიკული ინიციატივების დიდ გავლენას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, განვითარების კორპორაციამ საქართველოში კერძო სექტორში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის ფოთშიც, სადაც ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ DFC-ის მიერ დაფინანსებული $50-მილიონიანი პროექტის შედეგებს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში. დღეს მოხარული ვართ აღვნიშნოთ ამ კორპორაციის მიერ დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც შუა დერეფნის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მუშაობის გაგრძელებას მოემსახურება", - ამბობს ალან პერსელი.

ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ ქართულ კომპანია PACE Group-თან ფოთის ახალი საზღვაო პორტის განვითარების ფარგლებში დამატებით 25 მილიონი დოლარის სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება მეორე ნავმისადგომისა და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.

პროექტის განხორციელების შედეგად ფოთის ახალი საზღვაო პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით 1 მილიონი ტონით გაიზრდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.

აღნიშნული შეთანხმება DFC-სა და PACE Group-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაა. 2020 წელს DFC-მა ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის კომპანიას 50 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო.

ფოთის პორტის გაფართოების პროექტის საერთო ღირებულება 130 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან 55 მილიონი დოლარი PACE-ის კონტრიბუციაა, ხოლო 75 მილიონი დოლარი - DFC-ის მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი სესხი.

PACE Group-ის ინფორმაციით, პროექტის მეორე ფაზა ითვალისწინებს დამატებითი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც პორტს ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას გაუზრდის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ [ekalata.gov.ge-ს] სწორად მუშაობას - კობახიძე

განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ [ekalata.gov.ge-ს] სწორად მუშაობას - კობახიძე

BM.GE

ფოთის ახალი ნავსადგურის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით გაიზრდება - PACE International-ის დირექტორი

ფოთის ახალი ნავსადგურის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით გაიზრდება - PACE International-ის დირექტორი

BM.GE

TAV Georgia ბათუმის აეროპორტის გაფართოებაში $5 მილიონის ინვესტიციას დებს - რას მოიცავს პროექტი?

TAV Georgia ბათუმის აეროპორტის გაფართოებაში $5 მილიონის ინვესტიციას დებს - რას მოიცავს პროექტი?

BM.GE

ფოთის პორტის II ფაზის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა 3 მლნ ტონას მიაღწევს - მარიამ ქვრივიშვილი

ფოთის პორტის II ფაზის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა 3 მლნ ტონას მიაღწევს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE