
"ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში " - თურნავა და ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენ. შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
სების ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ფინანსური ბაზრების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით არსებულ პროგრესსა და საქართველოს სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის ეტაპობრივ ზრდას.
„ჩვენ საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები გვაკავშირებს. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში და საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებას. აქედან გამომდინარე, გვაქვს საკმაოდ კარგი პროგრესი და მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, — განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის ცნობით, უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საფუძველი 2025 წლის მარტში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმია. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორობას:
• მონეტარული პოლიტიკის; • ფინანსური ტექნოლოგიებისა და საგადახდო სისტემების; • ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საერთაშორისო გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერება დასახელდა, რაც, სებ-ის შეფასებით, ხელს შეუწყობს ტრანზაქციების ეფექტიანობის ზრდასა და ქართულ ფინანსურ სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა დაიწყო, რის შედეგადაც თურნავას აპრილში გაკეთებული კომენტარის თანახმად რეზერვებში იუანის წილი ეტაპობრივად 300 მილიონ დოლარამდე (5%-მდე) გაიზრდება.
BM.GE
წყარო: bm.ge