
Etisalat UAE-მ სმარტფონებისთვის მსოფლიოში პირველი 5.5G ტექნოლოგია წარადგინა
არაბთა გაერთიანებული საამიროების სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, Etisalat UAE-მ სმარტფონებისთვის მსოფლიოში პირველი 5.5G ქსელური ინტერნეტი წარადგინა.
როგორც ირკვევა, ახალი ტექნოლოგია თავსებად მოწყობილობებზე მონაცემთა ატვირთვის სიჩქარეს 3-ჯერ ზრდის. ეს შესაძლებლობა მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ფოტოების, ვიდეოებისა და მოცულობითი ფაილების გაცილებით სწრაფად გადაგზავნის საშუალებას აძლევს.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული ფუნქცია, ჯერჯერობით, ექსკლუზიურად Etisalat UAE-ს 5.5G ქსელში ჩართული სმარტფონებისთვის მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ მობილური ქსელების მოდერნიზაცია აქამდე ძირითადად ჩამოტვირთვის სიჩქარის გაზრდაზე იყო ორიენტირებული. თუმცა ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისა და ღრუბლოვანი სერვისების სწრაფმა გავრცელებამ მონაცემთა ატვირთვის როლი მკვეთრად გაზარდა.
ქსელის გაზრდილი გამტარუნარიანობა ციფრული სერვისების რეაგირების სისწრაფეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. Etisalat UAE-ს ტექნოლოგიური დირექტორის, მარვან ბინ შაქარის განცხადებით, სმარტფონები კონტენტის პასიური მოხმარებიდან მის აქტიურ გენერირებასა და გაზიარებაზე გადავლენ.
საყურადღებოა, რომ კომპანიას ატვირთვის აბსოლუტური სიჩქარის მონაცემები ჯერ არ დაუკონკრეტებია. ამ ეტაპზე ასევე გაურკვეველი რჩება, ახალი ტექნოლოგია ოპერატორის მთელ ინფრასტრუქტურას რამდენად ფარავს. კომპანიის განმარტებით, ეს ნაბიჯი 5.5G ინფრასტრუქტურაში მიმდინარე გრძელვადიანი ინვესტიციების ნაწილია.
BM.GE
წყარო: bm.ge