
€1.5 მილიონიანი ბინა მილანში, AUDI A8, იარაღი Hekler Koch mpx - რა ქონებას ფლობს ვაკო თურნავა?
მილანში 108 კვ.მ-ის ბინა, ავტომობილი AUDI A8 L 2020 hybrid და იარაღი Hekler Koch mpx – „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვახტანგ (ვაკო) თურნავამ თავისი ძვირად ღირებული ქონების ჩამონათვალს 2025 წელს ეს შენაძენიც მიამატა და ამის შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა.
ვაკო თურნავა პარლამენტის წევრი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, იქამდე ის IT სფეროში საქმიანობდა და კომპანია "სვიფტს" ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდგომში ესპანურმა Making Science-მა შეიძინა.
შემოსავალი
ვაკო თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია 27 თებერვალს შეავსო. მან წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისთვის 116 914 ლარის სახელფასო ანაზღაურება მიიღო, ამასთან ის აღნიშნავს, რომ 6 570 სამივლინებო ხარჯი იყო. ანაზღაურების სახით სხვა შემოსავალი თურნავას მითითებული არ აქვს.
თუმცა დეპუტატი დოკუმენტში უთითებს, რომ მან 2025 წელს Making Science Group SA ფასიანი ქაღალდები გაყიდა და 465 325 ევროს შემოსავალი მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს ვახტანგ თურნავამ თბილისში, მისი კუთვნილი უძრავი ქონება - 2 ბინა და 3 ავტოსადგომი გაყიდა, საიდანაც ჯამში 535 520 დოლარის შემოსავალი მიიღო.
სესხები და დანაზოგები
ვახტანგ თურნავამ, ანუ დეპუტატობამდე 2022 წელს წერილობითი ხელშეკრულებით გაცემული 253 447-ლარიანი სესხიდან 2025 წელს ამავე მოცულობის შემოსავალი მიიღო, ანუ მას სესხი დაუბრუნეს. 2025 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით ის ასევე 700 000-ლარიან სესხს მოემსახურა, ანუ 700 000 ლარის გასავალი ჰქონდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გასულ წელს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ დეპოზიტზე დანაზოგი 286 051 დოლარამდე გაზარდა, მას დეპოზიტი „თიბისი ბანკშიც“ აქვს გახსნილი, თუმცა ის დეკლარაციის შევსების დროისთვის მხოლოდ 297 დოლარი ჰქონდა. ვაკო თურნავას „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 170 816 ევრო და 9 000 ლარამდე თანხა ჰქონდა.