
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძე
"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება", - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.მისი თქმით, მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ავიაკომპანიების მოზიდვას უზრუნველყოფს და ერთობლივი ძალისხმევა პირდაპირ აისახება ვიზიტორთა სტატისტიკაზე, სადაც ტოპ ათეულში ქვეყნების მრავალფეროვნება ფიქსირდება.„სწორედ ეს არის ის დივერსიფიცირებული ბაზარი და ის სტატისტიკური მონაცემები, რასაც რეალურად ტურიზმის ინდუსტრიიდან ვიღებთ. ჩვენ სტატისტიკურ ათეულში, ხვდება ისეთი ქვეყნები ჩვენი ბაზრებიდან, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ე.წ. გალფის ქვეყნები და რა თქმა უნდა ისრაელი, მეზობელი ქვეყნებიც. ჩვენი სტრატეგიის თანახმად ყოველწლიურად მათთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ დაგეგმილმა დივერსიფიკაციის პოლიტიკამ განაპირობა ქვეყანაში მოგზაურთა ნაკადის სტაბილური ზრდა.„დივერსიფიკაციის მიზნით დაგეგმილმა სამოქმედო გეგმამ წლიდან წლამდე საქართველოში მოგზაურების ზრდა უზრუნველყო. სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა, რაც თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია“, - აღნიშნა ომიაძემ.
2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით, 2 734 504-მდე შემცირდა.
Top-15 ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:
• რუსეთი - 610 825 ვიზიტი (მატება 5%); • თურქეთი - 525 380 ვიზიტი (კლება 1.5%); • სომხეთი - 360 050 ვიზიტი (კლება 8%); • ისრაელი -146 628 ვიზიტი (კლება 14.4%); • აზერბაიჯანი - 133 345 ვიზიტი (კლება -1.4%); • უკრაინა - 69 250 ვიზიტი (მატება 22.7%); • ყაზახეთი - 66 526 ვიზიტი (მატება 6%); • ჩინეთი - 54 554 ვიზიტი (მატება 16.7%); • ბელარუსი - 46 220 ვიზიტი (კლება 0.1%); • გერმანია - 40 892 ვიზიტი (მატება 26.2%); • პოლონეთი - 39 506 ვიზიტი (მატება 17.4%); • ინდოეთი - 30 554 ვიზიტი (კლება 59.7%); • ირანი - 29 397 ვიზიტი (კლება 48.7%); • უზბეკეთი - 28 213 ვიზიტი (კლება 4%); • აშშ - 23 191 ვიზიტი (მატება 4.4%).
EU-დან ვიზიტორების და შემოსავლების ზრდა 20%-ს აჭარბებს
BM.GE
წყარო: bm.ge