
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოზე, რომლის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიანეა.
"ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოზე" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მდგომარეობაზე. 2024 წლიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია "დე ფაქტო" შეჩერებულია, მთავრობის პოლიტიკის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მდგომარეობაზე, რადგან საქართველოს მთავრობამ მიიღო ისეთი კანონები, რომელთა მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გაქრობა წარმოადგენდა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ამ კანონების უმეტესობა რუსეთში ტოტალიტარული რეჟიმის ადრეულ პერიოდში განვითარებული მოვლენების ასლია და იქიდან არის გადმოტანილი. დოკუმენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააუქმოს ეს კანონები, რადგან ის ხელს უშლის ქვეყანას დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე.
ანგარიშში კვლავ არის მოწოდება "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესების შესახებ. "კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ; ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან".