
ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 70%-ით გაიზარდა
სექტემბერში ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 70.3%-ით გაიზარდა. E-Mobility-ის უახლესი მონაცემებით, ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ და სახელმწიფო სუბსიდიებმა განაპირობა. დამატებით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მოდელების რაოდენობაც გაიზარდა, რაც ძირითადად ჩინეთის დამსახურებაა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, გასულ თვეს ევროპის 17 ძირითად ბაზარზე 300,202 ელექტრომობილი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი რეგიონის მთლიანი გაყიდვების 32.6%-ს უტოლდება.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ევროპაში 1.98 მილიონი სრულად ელექტრონული სატრანსპორტო საშუალება გაიყიდა. ეს შედეგი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.1%-ით მეტია.
არსებული ინფორმაციით, ელექტრომობილების შესყიდვის კუთხით სკანდინავიის ქვეყნები ლიდერობენ. ნორვეგიაში ელექტრონული ტრანსპორტის გაყიდვების წილმა 98.8% შეადგინა, დანიაში კი ამ მაჩვენებელმა 88.8%-ს მიაღწია. ამასთან, დიდი ბაზრებიდან გამორჩეული შედეგები საფრანგეთმა და გერმანიამ დააფიქსირეს. კერძოდ, საფრანგეთში 65,243 ელექტრომობილი დარეგისტრირდა და EV-ების საბაზრო წილმა 41.7% შეადგინა. რაც შეეხება გერმანიას, ქვეყანაში გაყიდვებმა 88,724 ერთეულს გადააჭარბა, რითაც ელექტრონულმა სატრანსპორტო საშუალებებმა ბაზრის 34.6% დაიკავეს.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ელექტრომობილებზე მოთხოვნის რადიკალური ზრდა ახალმა რეგულაციებმა, ენერგორესურსების გაძვირებამ და ევროპის მასშტაბით დაწესებულმა სამთავრობო სუბსიდიებმა განაპირობა. კერძოდ, მიმდინარე წლიდან გერმანიამ ელექტრომობილების შესაძენად $6,600-იანი სუბსიდია დააწესა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა 49,000 დოლარზე იაფი მოდელებისთვის მომხმარებელს 10%-იანი ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზრის დინამიკაზე პირდაპირი გავლენა ჩინური მწარმოებლების, მათ შორის BYD-ის აგრესიულმა საფასო სტრატეგიამაც იქონია, რომელიც ევროპულ კომპანიებზე გაცილებით დაბალი ფასებით ახერხებს უფრო მაღალი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ელექტრომობილების რეალიზაციას.
BM.GE
წყარო: bm.ge