
ევროპაში ილონ მასკის X-ის ალტერნატიული სოციალური ქსელი გაეშვა
ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპაში შექმნილ ახალ, ალტერნატიულ სოციალურ პლატფორმას, სახელწოდებით W-ს უერთდება.
პლატფორმა, რომლის შესახებაც პირველად იანვარში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადეს, "ვერიფიცირებულ რეალურ მომხმარებლებზე, გამჭვირვალობაზე, კონფიდენციალურობასა და სიტყვის თავისუფლებაზეა" დაფუძნებულია და ილონ მასკის X-ის კონკურენტად პოზიციონირებს.
ვებგვერდის მიხედვით, შვედეთში ბაზირებული W მედიის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროს მეწარმეებმა შექმნეს. მიმდინარე კვირაში პლატფორმის ბეტა-ვერსია ჩაეშვა. მომხმარებლებმა პოსტის გამოქვეყნებამდე შემოწმება უნდა გაიარონ, რისთვისაც W-ის გუნდს განაცხადით უნდა მიმართონ.
პლატფორმას უკვე იყენებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.
პლატფორმაზე წვდომის მისაღებად მომხმარებლებმა ვერიფიკაცია საკუთარი რეალური სახელით, ან ანონიმურად - აპლიკაცია "W Identity"-ის მეშვეობით უნდა გაიარონ, რომელიც მომხმარებლის მოწყობილობაზე პასპორტს ან პირადობის მოწმობას ასკანერებს და მათ ვერიფიკაციას ახდენს.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ანა ცაიტერმა მანამდე Euronews-ს განუცხადა, რომ მონაცემების განთავსება "ევროპული კომპანიების საკუთრებაში არსებულ ევროპულ სერვერებზე" იგეგმება, ხოლო ინვესტორთა წრე მხოლოდ კონტინენტზე ბაზირებული პირებით შემოიფარგლება.
პლატფორმის ჩაშვება ევროპაში ტექნოლოგიური და ხელოვნური ინტელექტის (AI) სუვერენიტეტის უფრო ფართო მოძრაობას ემთხვევა, რომლის მიზანიც კომპანიების, მთავრობებისა და კერძო პირების დისტანცირებაა აშშ-ში ბაზირებული მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტებისგან (Big Tech).
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა, გამოთქვა შეშფოთება, რომ ტექნოლოგიურ გიგანტებზე დამოკიდებულებამ შესაძლოა საფრთხე ეროვნულ უსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვას შეუქმნას.