
Oracle-მა სამსახურიდან 21,000 თანამშრომელი გაუშვა - რა გახდა მიზეზი?
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Oracle-მა 2026 წლის პირველ 6 თვეში თანამშრომელთა რაოდენობა 13%-ით, ანუ დაახლოებით 21,000 თანამშრომლით შეამცირა.
არსებული ინფორმაციით, კორპორაციის ეს გადაწყვეტილება ბიზნესის რესტრუქტურიზაციის პროცესსა და ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას უკავშირდება.
2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, კომპანიაში 141,000 ადამიანია დასაქმებული, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 162,000-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ფისკალურ 2026 წელს კომპანიამ რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, მათ შორის, გაშვებული თანამშრომლების მსხვილი კომპენსაციების გადახდისთვის $1.84 მილიარდი გამოყო. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Oracle-ისთვის ამ ტიპის ხარჯები მხოლოდ $374 მილიონით შემოიფარგლებოდა. როგორც ფირმაში განმარტავენ, დაწყებული ცვლილებები მიზნად მენეჯმენტისა და პროდუქტების განახლებას, ასევე სტრატეგიული ცვლილებების განხორციელებას და ახალი შესყიდვების გასაფორმებლად თანხების გამოთავისუფლებას ისახავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე Oracle-ი არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. სამუშაო ადგილების შემცირების ტენდენცია უკვე მთლიანად ტექნოლოგიურ ბაზარზე შეინიშნება. პლატფორმა Layoffs.fyi-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს 196-მა ტექ-კომპანიამ უკვე 119,800-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.