
ევროპულ ბაზრებზე Tesla-ს მაისის რეგისტრაციები მკვეთრად გაიზარდა
მაისის თვეში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში Tesla-ს ახალი ავტომობილების რეგისტრაციები მკვეთრად გაიზარდა. როგორც ირკვევა, საფრანგეთში მაჩვენებელი 655%-ით გაუმჯობესდა და 5,446 ერთეული შეადგინა. ამასთან, წლიურად 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა ნორვეგიაში, სადაც საერთო ჯამში 3,345 ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა.
მწარმოებლის სარეალიზაციო მონაცემები 136%-ით გაუმჯობესდა დანიაშიც, სადაც 1,750 ავტომობილი დარეგისტრირდა. რაც შეეხება ესპანეთს, ამ ქვეყანაში 113%-იანი ზრდა ფიქსირდება, გაყიდული ავტომობილების რაოდენობა კი 1,690-ს შეადგენს. მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა მეზობელ პორტუგალიასაშიც, სადაც მაჩვენებელმა 349%-ს მიაღწია. შვედეთში კი რეგისტრაციები 71%-ით გაუმჯობესდა.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ იტალიაა ის გამონაკლისი ქვეყანა, სადაც არა ზრდა, არამედ შემცირება დაფიქსირდა. კერძოდ, საუბარია 23.5%-ზე, თუმცა კომპანიაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში უკვე დაფიქსირდა 15%-იანი ზრდა. რაც შეეხება ევროპის ყველაზე მსხვილ ბაზრებს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სარეალიზაციო მონაცემები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ ამაში წვლილი სახელმწიფო სუბსიდიებსა და საწვავზე გაზრდილ ფასებს მიუძღვით. ING Research-ის ეკონომისტების შეფასებით, ბაზარზე კომპანიის წილის შემცირების მიუხედავად გაყიდვების ზრდას ელექტრომობილების ბაზრის გაფართოება განაპირობებს.
ცნობისთვის, 2025 წელს Tesla-მ ევროპულ ბაზარზე წილის თითქმის ნახევარი დაკარგა. ეს ტენდენცია კი ჩინურ მწარმოებლებთან მზარდმა კონკურენციამ და ახალი მოდელების სიმცირემ განაპირობა. ამასთან, გაყიდვებზე უარყოფითი გავლენა აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის პოლიტიკურმა პოზიციებმაც იქონია.
BM.GE
წყარო: bm.ge