
ExxonMobil-მა ვენესუელაში ინვესტირებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, ExxonMobil-მა ვენესუელის ხელისუფლებასთან და მის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ახალი დოკუმენტი ქვეყანაში ნავთობის მოპოვების შესაძლებლობების შეფასებას და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს.
ექსპერტების შეფასებით, ეს დოკუმენტი, შესაძლოა, ვენესუელაში ExxonMobil-ის დაბრუნების წინაპირობა გახდეს.
Exxon-ის წარმომადგენლის განცხადებით, მემორანდუმი მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თუმცა ნებისმიერი სამომავლო ინვესტიცია სტაბილურ პოლიტიკას, მკაფიო რეგულაციებსა და ინვესტიციების გარანტირებულ დაცვას მოითხოვს.
გასულ თვეში Exxon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარენ ვუდსმა განაცხადა, რომ კომპანია ვენესუელის უზარმაზარ რესურსებს ხედავს, თუმცა ინვესტიციების განხორციელებას ჯერ არ ჩქარობს. მისივე თქმით, ქვეყანა კვლავ მუშაობს ინვესტორთა დაცვის მექანიზმებზე, ასევე იურიდიულ და ფინანსურ საკითხებზე, ამიტომ სანამ ეს ყველაფერი არ გაირკვევა, იქამდე კომპანია საინვესტიციო ვალდებულებას ვერ აიღებს.
ცნობისთვის, ვენესუელას 300 მილიარდი ბარელი ნავთობის დადასტურებული რეზერვი აქვს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ExxonMobil-ს და სხვა ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ქვეყნის ბაზარზე შესვლისა და ნავთობის მოპოვების დაწყებისკენ მოუწოდებს.
BM.GE
წყარო: bm.ge