
Facebook-ის სიახლეებისა და Reels-ის პერსონალიზაციისთვის Meta-მ ფუნქცია "შენი ალგორითმი" წარადგინა
კომპანია Meta-მ Facebook-ისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ინსტრუმენტები წარადგინა, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პლატფორმაზე კონტენტის რანჟირებისა და რეკომენდაციის სისტემებზე უშუალო გავლენა მოახდინონ. ახალი ფუნქცია მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი პრეფერენციები ჩვეულებრივი, ყოველდღიური ენით გამოხატოს.
ფუნქცია "შენი ალგორითმი" (Your algorithm) გამოყოფს სპეციალურ სივრცეს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ და მართონ ის თემები, რომელთა ხილვაც სიახლეებისა და ვიდეოების გვერდებზე სურთ. ფუნქციაზე წვდომა პოსტის სამწერტილიანი მენიუდან არის შესაძლებელი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ინტერესები საკუთარი სიტყვებით აღწეროს.
ამ ფუნქციის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ თემები, რომელთა უფრო ხშირად ნახვაც სურთ, ან მართონ საკუთარი ინტერესები. Facebook-ი ამ ინფორმაციას მომხმარებლის აქტივობიდან მიღებულ არსებულ სიგნალებთან ერთად იყენებს, რათა რეკომენდაციების ალგორითმი მაქსიმალურად დახვეწოს.
სიახლეების ველსა და Reels-ში პოსტებზე უკუკავშირის დაფიქსირება შესაძლებელია ღილაკებით - "მაინტერესებს" (Interested) ან "არ მაინტერესებს" (Not interested). ამის შემდეგ Meta-მ შესაძლოა დამაზუსტებელი კითხვები დასვას პრეფერენციების უკეთ გასაგებად. მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს:
• რა მოეწონა ან არ მოეწონა კონკრეტულ პოსტში; • რისი ნახვა უფრო მეტად სურს სიახლეებსა და Reels-ში; • რისი ნაკლებად ნახვა სურს რეკომენდაციებში.
ეს მონაცემები ალგორითმს საშუალებას აძლევს, რეკომენდაციები რეალურ დროში, იმავე სესიის განმავლობაში განაახლოს და შეცვალოს.
როგორ არგებს ხელოვნური ინტელექტი რეკომენდაციებს მომხმარებელს?
Facebook-ის რანჟირების სისტემები ათასობით სიგნალს იყენებენ მომხმარებელთა ინტერესების დასადგენად, მათივე ქცევიდან გამომდინარე - მათ შორის იმ პოსტებიდან, რომლებიც მოსწონთ, აკომენტარებენ ან უყურებენ. დიდი ენობრივი მოდელები (LLM) ახლა უკვე თავისუფალი ტექსტით ჩაწერილ მოთხოვნებს, მათ კონტექსტსა და მომხმარებლის განზრახვას აანალიზებენ.
ამ თავისუფალი ტექსტური მითითებებისა და მომხმარებლის ჩართულობის ისტორიის გაერთიანებით, სისტემა Feed-ისა და Reels-ის რეკომენდაციებს ადამიანის მიერ მითითებულ რეალურ სურვილებს არგებს და ზუსტად იმას აჩვენებს, რისი ნახვაც მას კონკრეტულ მომენტში სურს.
Meta-მ ფუნქცია "შენი ალგორითმი" და გაფართოებული უკუკავშირის შესაძლებლობები Facebook-ის სიახლეებისა და Reels-ისთვის უკვე გაუშვა. პერსონალიზაციის ამ ახალ ხელსაწყოებზე წვდომა თითოეულ პოსტზე არსებული განახლებული სამწერტილიანი მენიუდანაა შესაძლებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge