
"ფასების კომისიის" დასკვნის მთავარი დასკვნა ისაა, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკა არ ესმის"|ინტერვიუ
ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, „ფასების კომისიის“ დასკვნის მთავარი დასკვნა ისაა, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკა არ ესმის“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიის შემაჯამებელ დასკვნაში გაწერილი მიგნებები იყო. ფასების კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში პრიოდუქტების სიძვირის მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა. რეკომენდაციების ნაწილი შეეხება როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საკითხებს, ასევე ადგილობრივი კომპანიებისთვის საოპერაციო ხარჯების და პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის შემცირების მნიშვნელობას.
- საბოლოო ჯამში, რა მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ ფასების კომისიის შექმნით?
- „ფასების კომისიის“ დასკვნის მთავარი დასკვნა არის ის, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკა არ ესმის. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ამ დასკვნაში წერია, წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებებთან, რითაც დაიწყო „ნადირობა მაღალ ფასებზე“. ფაქტობრივად, ამ დასკვნამ თითქმის ყველა წინასწარი განცხადება, რაც ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, უარყო. შესაბამისად, ფასების კომისიამ თქვა - პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად, რომ ფაქტობრივად, ექვსი თვე დაუთმო იმას, რომ დაერწმუნებინა აღმასრულებელი ხელისუფლება ირაკლი კობახიძის მეთაურობით, თუ რამდენად შეცდომაში შემყვანი იყო მათი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბაზარი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზოგადად თუ ავიღებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, მან ფასებთან ბრძოლა ძალიან წააგო. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 1 მაისი არის „ოცნების“ ფასებთან წაგებული ბრძოლის დღე, თან იმ ბრძოლის, რომელიც ძალიან ომახიანად დაიწყო მმართველმა პარტიამ და 1 მაისს დაგვირგვინდა, ფაქტობრივად, კაპიტულაციით. ახლა რა ხდება ამის შემდეგ?! მე მგონი, უნდა შევეჩვიოთ, „ქართულ ოცნებას“ არ შევხედოთ როგორც რაღაც მონოლითურ ერთეულს, არამედ როგორც ჯგუფების ერთობლიობას, ხომ?! ამდენად, უპირველეს ყოვლისა, [ფასებთან ბრძოლა] წააგო ირაკლი კობახიძემ და წააგო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რომელსაც ის უდგას სათავეში...