
ფაშინიანის თქმით, რუსეთს 3 თვე აქვს სომხეთის რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გეგმის მოსამზადებლად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის რკინიგზის სისტემის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭირო წინადადებები რუსეთმა სამი თვის ვადაში უნდა მოამზადოს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ერევანი რუსული კონცესიით სარკინიგზო ქსელის მართვის წინააღმდეგი პრინციპულად არ არის. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ამოცანა რკინიგზის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაა. ფაშინიანმა განმარტა, რომ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ამ მიზნის მისაღწევად მართვის მოდელის შეცვლა და პროცესში მესამე მხარის ჩართვა უფრო ეფექტიანი იქნება.
პრემიერის განცხადებით, თუ მოსკოვს საკითხის გადაჭრის საკუთარი ხედვა აქვს, მათ კონკრეტული გეგმა უნდა წარადგინონ. მისი თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც სამი თვის განმავლობაში უნდა გასცეს პასუხი კითხვას, თუ როგორ შეიძლება სომხეთის რკინიგზა კონკურენტუნარიანი გახდეს.
ცნობისთვის, სომხეთის სარკინიგზო ქსელს კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია სამხრეთ კავკასიის რკინიგზა მართავს, რომელიც რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანიაა.
BM.GE
წყარო: bm.ge