
FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, შესაძლოა, ყველაზე ამბიციური გადაწყვეტილება მიიღოს. მისი იდეაა, მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების სამართავად შექმნილი ახალი, 20 მილიარდ დოლარად შეფასებული შვილობილი კომპანიის 20%-იანი წილი კერძო საინვესტიციო ფონდებს მიჰყიდოს.
ინფანტინო, რომელიც FIFA-ს უკვე თითქმის ათი წელია ხელმძღვანელობს, თავისი მმართველობის პერიოდში არაერთი მასშტაბური რეფორმის ავტორი გახდა. მან მსოფლიო ჩემპიონატი 48-გუნდიან ფორმატამდე გააფართოვა, შექმნა ახალი, გაფართოებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, გაზარდა საპრიზო ფონდები და FIFA მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს სპორტულ ორგანიზაციად აქცია.
ახლა კი იგი კიდევ უფრო შორს მიდის. გეგმის მიხედვით, FIFA შექმნის ახალ კომერციულ კომპანიას, რომლის ღირებულება 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ კომპანიის 20%-ს კერძო ინვესტორები შეიძენენ. ინვესტორთა ჯგუფს თავდაპირველად უხელმძღვანელებს Thrive Capital, რომელიც ამერიკელმა მილიარდერმა ჯოშუა კუშნერმა დააარსა, ხოლო კაპიტალის მოზიდვის პროცესს J.P. Morgan გაუძღვება.ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი FIFA-ს 211 წევრი ასოციაციისთვის განვითარების დაფინანსების თითქმის გასამმაგებაა.
წარდგენილი გეგმის მიხედვით, რომელიც ძალაში მხოლოდ FIFA-ს წევრი ასოციაციების უმრავლესობისა და ორგანიზაციის 37-წევრიანი საბჭოს თანხმობის შემთხვევაში შევა, შეიქმნება ახალი კომპანია FIFA Forward Enterprises. სწორედ ეს კომპანია აიღებს FIFA-ს ყველა კომერციული საქმიანობის მართვას, მაშინ როდესაც FIFA თავად კვლავ დარჩება მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოდ და FFE-ში საკონტროლო პაკეტსაც შეინარჩუნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, იგეგმება FFE-ის 21%-მდე წილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვა, რის შედეგადაც FIFA დაახლოებით 4.2 მილიარდ დოლარს მოიზიდავს. ეს თანხა დაუყოვნებლივ გადანაწილდება წევრ ასოციაციებზე ახალი დაფინანსების პროგრამის FIFA Fast-Forward Programme მეშვეობით.
გეგმის დამტკიცების შემთხვევაში FIFA-ს 211 წევრი ასოციაცია ერთჯერადად 20 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო ინფანტინოს განცხადებით, 2027-2030 წლების ციკლში თითოეულ ფედერაციას საერთო ჯამში 40 მილიონ დოლარამდე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება. საბოლოოდ პროექტმა FIFA-სთვის 10 მილიარდი დოლარის დამატებითი ფინანსური რესურსი უნდა მოიზიდოს.თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. FIFA-ს არსებული Forward Programme-ის ფარგლებში წევრი ასოციაციებისთვის რეგულარული გრანტებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ ამჟამად თითოეული ქვეყანა 8 მილიონ დოლარს იღებს, მომდევნო ოთხწლიან ციკლში ეს თანხა 20 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. 2031-2034 წლებში დაფინანსება 22 მილიონ დოლარს, ხოლო 2035-2038 წლებში 24 მილიონ დოლარს მიაღწევს, რაც დღევანდელ დაფინანსებაზე თითქმის სამჯერ მეტია.
The Athletic-ის მიერ მოპოვებული წერილის მიხედვით, FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ წევრ ასოციაციებს აცნობა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება 19 სექტემბრამდე უნდა მიიღონ, რათა ახალი ფინანსური პროგრამა 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს.
ინფანტინო კარგად აცნობიერებს FIFA-ს პოლიტიკურ სისტემას. ორგანიზაციაში თითოეულ წევრ ქვეყანას, იქნება ეს ესპანეთი თუ სან-მარინო, ერთი ხმა აქვს. შესაბამისად, პატარა საფეხბურთო ქვეყნები ერთობლივად გაცილებით მეტ გავლენას ფლობენ, ვიდრე ევროპის წამყვანი საფეხბურთო სახელმწიფოები.
2016 წლიდან ინფანტინო სწორედ ამ პატარა ასოციაციების მხარდაჭერის გაძლიერებით ინარჩუნებს ძალაუფლებას. განვითარების პროგრამების გაფართოებისა და ფინანსური დახმარების ზრდის შემდეგ, ახალი ინიციატივაც იმავე სტრატეგიის გაგრძელებად მიიჩნევა, თუმცა გაცილებით დიდი მასშტაბით.
სწორედ ამიტომ, ბევრის აზრით, UEFA-სთვის ამ ინიციატივის შეჩერება FIFA-ს შიდა კენჭისყრაზე ურთულესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა მსოფლიო ფეხბურთის კომერციული ღირებულების უდიდეს ნაწილს ქმნის, UEFA-ს მხოლოდ 55 ხმა აქვს FIFA-ს 211 წევრიდან.
თუმცა ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელობა მკვეთრად ეწინააღმდეგება ამ იდეას. UEFA-მ პირდაპირ განაცხადა, რომ „მსოფლიო ჩემპიონატი FIFA-ს საკუთრება არ არის გასაყიდად“ და, გავრცელებული ინფორმაციით, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტითაც კი იმუქრება.
წინააღმდეგობა მხოლოდ UEFA-დან არ მოდის. ინიციატივა გააკრიტიკეს აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ (AFC) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის კონფედერაციამ. მათი შეფასებით, კერძო კაპიტალის შემოსვლა მსოფლიო ფეხბურთის მართვის პრინციპებს ძირეულად შეცვლის.კრიტიკოსების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ კერძო ინვესტორებს ყოველთვის სჭირდებათ მოგება. თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში წილი ექნებათ, ზეწოლა უფრო მეტი შემოსავლის მიღებაზე ბუნებრივად გაიზრდება. ეს კი შესაძლოა ნიშნავდეს უფრო მეტ მატჩს, ტურნირების კიდევ უფრო გაფართოებას, დამატებით სარეკლამო სივრცეებსა და სატელევიზიო კონტრაქტების მაქსიმალურ კომერციალიზაციას.
ეს ტენდენცია უკვე აშკარაა. მსოფლიო ჩემპიონატი 32-დან 48 გუნდამდე გაფართოვდა, ახალი ფორმატით იმართება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, იზრდება ქალთა ტურნირებიც. ფეხბურთელები, კლუბები და ეროვნული ჩემპიონატები კი უკვე დიდი ხანია გადატვირთულ კალენდარზე საუბრობენ.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კერძო ინვესტორების პირობებში ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, რადგან მეტი თამაში ავტომატურად ნიშნავს უფრო დიდ სატელევიზიო შემოსავალს, მეტ სპონსორსა და უფრო მაღალ ფინანსურ მოგებას.
მათი შეფასებით, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გამოჩნდა კომერციალიზაციის ახალი ნიშნები - დინამიკური ბილეთების ფასები, მოედანზე რეკლამის გაზრდილი რაოდენობა, თამაშის მიმდინარეობისას დამატებითი კომერციული ელემენტები და სპონსორებზე მორგებული სიახლეები. ბევრი ფიქრობს, რომ ინვესტორების მონაწილეობით ასეთი ცვლილებები მომავალში კიდევ უფრო გახშირდება და მსოფლიო ჩემპიონატი სპორტულ დღესასწაულზე მეტად, მაქსიმალური მოგების მისაღებად შექმნილ გასართობ პროდუქტად გადაიქცევა.
ინიციატივამ კიდევ უფრო გაამწვავა ძალაუფლებისთვის ბრძოლა FIFA-სა და UEFA-ს შორის. ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთი წლების განმავლობაში დომინირებდა ისეთი ტურნირებით, როგორებიცაა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. FIFA კი ბოლო წლებში ცდილობს საკუთარი გავლენა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებს გაცდეს და ახალი ტურნირებითა და კომერციული პროექტებით კიდევ უფრო გაძლიერდეს.
თუ ახალი პროექტი განხორციელდება, FIFA უპრეცედენტო ფინანსურ რესურსებს მიიღებს, რაც ორგანიზაციას შესაძლებლობას მისცემს UEFA-სა და CONMEBOL-ს პირდაპირ კონკურენცია გაუწიოს.
ამ მასშტაბურმა ფინანსურმა პროექტმა კიდევ ერთი კითხვა გააჩინა - ვინ უხელმძღვანელებს ახალ კომპანიას, FIFA Forward Enterprises-ს?
ბრიტანული გამოცემა The Times იუწყება, რომ კომპანიის ხელმძღვანელი, შესაძლოა, თავად ჯანი ინფანტინო გახდეს. გამოცემის ცნობით, მისი ანაზღაურება შესაძლოა NFL-ის კომისრის, როჯერ გუდელის, ხელფასს გაუტოლდეს, რომელმაც 2021 წელს 64 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს ინფანტინოს ამჟამინდელ ანაზღაურებაზე დაახლოებით ათჯერ მეტი იქნებოდა.
ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევასაც გეგმავს, რაც მის მმართველობას 2031 წლამდე გაახანგრძლივებს. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ ახალი კომერციული კომპანია შეიქმნება, მომავალში FIFA შესაძლოა კორპორაციული მოდელით იმართებოდეს, ხოლო ინფანტინოს როლი უფრო NBA-ის ან NFL-ის კომისრის ფუნქციებს დაემსგავსოს.
ამ ეტაპზე პროექტის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ერთი რამ უკვე ნათელია FIFA-ს ეს ინიციატივა მხოლოდ ფინანსურ ცვლილებას არ გულისხმობს. საუბარია, მსოფლიო ფეხბურთის მართვის მოდელის, ძალაუფლების განაწილებისა და FIFA-ს მომავალი იდენტობის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დებატზე მის ისტორიაში.
BM.GE
წყარო: bm.ge